ზუროსმა ვარჯიშზე მცირე ტრავმა მიიღო
ზუროსმა ვარჯიშზე მცირე ტრავმა მიიღო
07.07.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს სადებიუტო ჩემპიონატისთვის შეკრება დაიწყო. ქართული გუნდი, რამდენიმე ფაზიან შეკრებას თბილისსა და უცხოეთში გაივლის, ჩაატარებს რამდენიმე სპარინგს და უშუალოდ იაპონიაში გამგზავრებამდე, თბილისში, სახელდახელო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს ნაკრებს შეკრების იტალიურ მონაკვეთში შეუერთდებიან თოკო შენგელია, თად მაკფადენი, გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი. მანამდე კი, ილიას ზუროსი გაფართოებულ შემადგენლობას ავარჯიშებს და 6 ივლისის დასასრულს, საკუთარი სოციალური ქსელით, გუნდში ტრავმირებულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.


„ვარჯიშისას მხოლოდ მოთამაშეები არ ზიანდებიან, შეიძლება მწვრთნელმაც მიიღოს ტრავმა. მინდა მადლობა გადავუხადო ფედერაციის ექიმს, თემო ხვედელიძეს, ზურა სულეიმანაშვილსა და თორნიკე გოგიცაიშვილს, ისევე, როგორც პლასტიკურ ქირურგს მაია სვანიძეს, ზრუნვისთვის", - წერს ილიას ზუროსი.


თუ რა მოხდა, კონკრეტულად ვარჯიშის დროს და როგორ მიიღო დაზიანება ზუროსუმა, ჩვენთვის უცნობია, თუმცა, საქართველოს ნაკრების ბერძენი მწვრთნელი, მისივე პოსტიდან გამომდინარე, თავს ნორმალურად გრძნობს და დიდი ალბათობით, ხვალ ჩვეულ რეჟიმში გაუძღვება ვარჯიშს.