შემოდგომაზე თბილისში ევროპული საკლუბო კალათბურთი ბრუნდება
შემოდგომაზე თბილისში ევროპული საკლუბო კალათბურთი ბრუნდება
05.07.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

რამდენიმე წლიანი შესვენების შემდეგ ქართული კლუბი ფიბა-ს საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. 55 ევროპული კლუბი, 28 ქვეყნიდან 2023-2024 წლების გათამაშებაში დარეგისტრირდა და მათ შორის არის საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თსუ.


9 თვის მანძილზე, საერთო ჯამში, მინიმუმ 205 მატჩს ჩაატარებს. ტურნირის დებულების თანახმად, გათამაშებაში რეგისტრაცია გავლილი გუნდებიდან 29 გათამაშების ჯგუფური ეტაპიდან ჩაერთვება, მანამდე კი, 24 კლუბს და მათ შორის, ქართული თსუ-ს ჯგუფში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპების გავლა მოუწევს.


„მოხარულები ვართ, რომ „თბილისი" (თსუ) ტურნირში მონაწილეობს. ამის გაკეთება უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მოხერხდა და ეს კალათბურთის პოპულარიზაციას და მასში სტუდენტების ჩართვას ხელს შეუწყობს. ჩვენ წინ ვიყურებით და ვაძლევთ შანს ქართულ კლუბს. ვხედავთ პროგრესს, რომელსაც ქართულმა კალათბურთმა მიაღწია, ასევე, ჩვენ ვითვალისწინებთ, ევრობასკეტის გამოცდილებას. ასე, რომ ვუსურვებთ წარმატებას „თბილისს",  - ამბობს, წილისყრის დასრულების შემდეგ პატრიკ კომნიოსი, ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის აღმასრულებელი დირექტორი.


საქართველოს ჩემპიონი პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან (ჩემპიონთა გზით) დაიწყებს მისთვის სადებიუტო გათამაშებაში მონაწილეობას. დღეს,  7 ივლისს, რომელსაც ფიბა-შიც ისევე, როგორც ჩვენთან, საქართველოში ბედნიერ რიცხვად თვლიან, წილისყრამ, ქართულ გუნდს პორტუგალიური „ბენფიკა" დაუწყვილა. სახლი-გასვლა პრინციპით აგებულ ფორმატში, წარმატების შემთხვევაში, ქართული კლუბი, ლევიცას „პატრიოტისა" და ლარნაკას „აეკ პეტროლინას" წინააღმდეგ მოუწევს თამაში.



ამის შემდედ, ჯგუფში მოსახვედრად თსუ-ს კიდევ ერთი მეტოქის დამარცხება მოუწევს. თუმცა, თუკი ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში თსუ წარუმატებლად გამოვა, ის, ფიბა ევროპის თასზე გადაინაცვლებს, სადაც თამაში არა მხოლოდ კონკრეტული კლუბისთვის, მთლიანად ქართული კალათბურთისთვის სასარგებლო იქნება.


„ჩვენი მეტოქე არის პორტუგალიის 29 გზის ჩემპიონი. ჩვენ, მაქსიმალურად ჩავდებთ ყველაფერს. სპორტია, არავინ იცის რა მოხდება. ასე, რომ ვეცდებით, ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ", - ამბობს, ირაკლი ხარჯვანიძე, თსუ-ს პრეზიდენტი.


ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად ტურნირისთვის როგორ გაძლიერდება გუნდი, ანდა მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში როგორი გეგმები ექნება. წილისყრის შემდეგ, მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ პირველ შეხვედრას საკვალიფიკაციო ჯგუფში ქართული კლუბი სექტემბერში, თავდაპირველად პორტუგალიაში გამართავს. საპასუხო შეხვედრა კი, თბილისში გაიმართება.