„დინამო თბილისი" საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერ თასის 2023 წლის გათამაშების მფლობელია. თავსხმა წვიმაში, თითქმის ბათუმურ შტორმულ ამინდში, თბილისელებმა 11 მეტრიანების სერიაში მოახერხეს, წლის პირველი ტიტულის მოგება.
სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერ თასის 2023 წლის გათამაშება წელს ახალი ფორმატით ჩატარდა. ერთი მატჩის ნაცვლად, რომელშიც ტრადიციულად ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი თამაშობდნენ, ამჯერად ოთხთა ტურნირის სახით გაიმართა და მასში მონაწილეობა ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო თბილისმა", დავით ყიფიანის თასის მფლობელმა ქუთაისის „ტორპედომ", ასევე 2022 წლის სეზონის ვიცე-ჩემპიონმა ბათუმის „დინამომ" და მესამეადგილოსანმა გორის „დილამ" მიიღეს მონაწილეობა. სფფ-ს სურვილი იყო, ევროტურნირების ახალი ციკლის დაწყებამდე, მასში მონაწილე ოთხივე ქართულ გუნდს მოსამზადებლად მეტ-ნაკლებად თანაბარ სპარინგში ფორმა შეენარჩუნებინა.
ახალი ფორმატი ორ 1/2 ფინალს, მესამე ადგილისთვის მატჩს და ფინალს ითვალისწინებდა. რამდენიმე დღის წინ, 30 ივნისს, თბილისში, მიხეილ მესხზე და სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე, „დინამო თბილისმა", „დილას", ბათუმის „დინამომ" კი, „ტორპედოს" მოუგო. ორივე 1/2 ფინალურ შეხვედრაში, გამარჯვებული 11-მეტრიანების სერიამ გამოავლინა. სუპერ თასის ტურნირის დებულების თანახმად, შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებისთანავე გუნდები 11-მეტრიაების სერიას ასრულებდნენ.
დღესაც, ორივე მატჩში მესამე ადგილისა და ფინალის ბედი, კვლავ 11-მეტრიანებმა გადაწყვიტეს.
ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, „ტორპედომ" „დილას" უმასპინძლა. მატჩის ძირითად დრო ფრედ 0-0 დასრულდა. 11-მეტრაინების სერიაში კი, „ტორპედომ", 5-4 გაიმარჯვა.
თბილისში, „დინამო არენაზე" ფინალი გაიმართა. ორი დინამოს დერბში, უჰაერობაში დაწყებული მატჩი, თავსხმა წვიმაში დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი გარდამავალ უპირატესობაში მიმდინარეობდა და არც ერთ გუნდს, დიდად მეტოქე არ შეუწუხებია, ბათუმელებმა ანგარიში პირველი ტაიმის შუაწელში, ე.წ „წყლის შესვენებიდან", რომლის დროსაც გუნდებმა მწვრთნელთა მოკლე ინსტრუქციებიც მიიღეს, მალევე გაიტანეს. 25-ე წუთზე ფლამარიონმა კარგად ისარგებლა მცველების უყურადღებობით და ლორიას კარში გადაგზავნა ბურთი. თამაშის სცენარი, თითქმის არ შეცვლილა არც მეორე ტაიმში, თუმცა, წვიმასთან ერთად, რომელიც, მოგვიანებით საკმაოდ გაძლიერდა და შეიძლება ითქვას, ბათუმურ-შტორმულსაც დაემსგავსა, შეცვლაზე შემოსულმა თბილისელებმა, დედაქალაქური გუნდი გამოაცოცხლეს და 77-ე წუთზე, მოისწრაფიშვილის ჩაწოდებული კუთხურიდან ბურთის ბათუმელების კარში გაბრიელ სიგუამ გადაგზავნა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1-1 დასრულდა.
პენალტების სერიაში კი, გამარჯვებულის ბედი გაფუჭებულმა 11-მეტრიანმა გამოავლინა. თბილისელებს, გამარჯვების გოლი, კვლავ სიგუას ანგარიშზეა. ასე, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა, რომელიც კიდევ 5 თანაგუნდელთან ერთდ, 21-წლამდეთა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, კვლავ დაბრუნდა მშობლიურ კლუბში, დღეს, სუპერ თასის მოგებაში დიდი როლი ითამაშა, ისევე როგორც თბილისელთა რიგებში დაბრუნებულმა გიორგი ლორიამ, რომელმაც დღეს თავის მეორე შეხვედრაში, კიდევ ერთი პენალტი მოიგერია. „დინამო თბილისმა" 4-3 გაიმარჯვა.
და ბოლოს, სტადიონის საფარზე - წვიმაში საკმაოდ ბევრი მიმუშავია, მათ შორის ბათუმურ წვიმაშიც, „ანგისაზე", თუნდაც, იმ მატჩისას, რომელშიც თბილისელებს, საჩემპიონო ქულა ლევან მჭედლიძემ მოუტანა. ჰოდა, იმის თქმა გვინდა, რომ თქეშის მიუხედავად, ბურთი მინდორზე ოდნავად კი არ შეჩერებულა, რაც იმ გუნდის დამსახურებაა, რომელიც „დინამო არენის" მინდვრის საფარის მოვლაზე ზრუნავს. შეგახსენებთ, რომ „დინამო არენაზე" მინდვრის საფარი, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის სრულად შეიცვალა. რეალურად დღეს, მას პირველი სერიოზული გამოცდა ჰქონდა.
რედაქტირებული 05.07.2023 / 10:00 მატჩის ფოტო-ამბავი