იტალია დამარცხებულია - ქართული რაგბის მომავალი მსოფლიოს გრანდია!
იტალია დამარცხებულია - ქართული რაგბის მომავალი მსოფლიოს გრანდია!
04.07.2023
ავტორი: რაგბის კავშირი

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში იტალიას სასურველი ბონუსით  30-17 სძლიეს და ჯერჯერობით გ ჯგუფში პირველ ადგილზე არიან!

რა შედეგითაც არ უნდა დასრუდეს დღის ბოლო შეხვედრა, რომელშიც სამხრეთ აფრიკა არგენტინას ერკინება და რომლის შედეგიც განსაზღვრავს რომელ ადგილზე დავასრულებთ ჯგუფურ ეტაპს - პირველ თუ მეორეზე, ეს ბიჭები უკვე გმირები არიან, რომლებმაც ერთი შეხედვით წარმოუდგენელი შედეგი დადეს, მაგრამ ეს შედეგი მიზანმიმართული და სწორი შრომის გამოძახილია!


ახლა უფრო დასანანია, რომ სამხრეთ აფრიკასთან ვერ შევძელით კიდევ ერთი ლელოს გატანა, რომელიც 2 ბონუს-ქულას მოგვიტანდა და შედეგად, საქართველოს ჯგუფში პირველი ადგილი (11 ქული) და თასის ნახევარფინალი გარანტირებული ექნებოდა. მაგრამ რა შედეგიც არ უნდა დადგეს, თამაშის ხარისხით, თავდადებით, საქმისა და ქვეყნის სიყვარულით, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა უკვე დაიმსახურეს თასის ნახევარფინალში თამაში! ახლა ჯერი რაგბის ღმერთზეა...



იმისათვის, რომ უმცროსმა ბორჯღალოსნებმა თასის ნახევარფინალში ითამაშონ, არგენტინისა და სამხრეთ აფრიკის მატჩი ფრედ უნდა დასრულდეს, ან არგენტინამ ისე გაიმარჯვოს, რომ 4 ლელო ვერ გაიტანოს. ეს შეხვედრა საქართველოს დროით 21 საათზე დაიწყება.


სხვა შემთხვევაში უმცროსი ბორჯღალოსნები V-VIII ადგილებისთვის გააგრძელებენ ბრძოლას, რაც ასევე წარმოუდგენელი შედეგია. აქამდე ჩვენი გუნდის საუკეთესო შედეგი მე-9 ადგილია (2018 წელს), რომელიც წელს უცილობლად გაუმჯობესდება. „მონეტა აგდებულია" - ამბობს მთავარი მწვრთნელი ლადო კილასონია და მთელს გუნდთან, საქართველოსთან ერთად ელის სამხრეთ აფრიკისა და არგენტინის დაპირისპირებას.



უპირატესობა შეცდომების თანხლებით


უმცროსი ბორჯღალოსნები პირველივე ტაიმში დაეუფლნენ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქის მორაგბეები უფრო ათლეტურები იყვნენ და შერკინებაშიც ჯამში 30 კილოგრამით მეტს იწონიდნენ, ქართველები უპირატესობას ფლობდნენ კონტაქტის არეში, იტალიელები რამდენჯერმე დააჯარიმეს შერკინებაში და არ მისცეს მათი მთავარი კოზირის - მოლის გამოყენების შესაძლებლობა.


ორი რამ, რამაც ამ უპირატესობის სათანადოდ გამოყენების შესაძლებლობა არ მოგვცა იყო დერეფანი, სადაც რამდენჯერმე წავაგეთ საკუთარი მოწოდება და ტექნიკური წუნი, რომლის გამოც რამდენჯერმე ვერ გამოვიყენეთ ხაზში შექმნილი უპირატესობა. ეს ასევე იყო მეტოქის დამსახურება, რომელმაც 2023 წლის 20-წლამდელთა ექვს ერზე და 5 დღის წინ სამხრეთ აფრიკასთან გამარჯვებით დაამტკიცა, რომ ძალიან ძლიერი გუნდია. და სწორედ ასეთ ძლიერ გუნდთან მოპოვებული დამსახურებული გამარჯვებაა, ჩვენი განსაკუთრებული სიხარულის საბაბი.



შეხვედრა უმცროსი ბორჯღალოსნების აქტიურობით დაიწყო. 10-11 წუთი თამაში პრაქტიკულად მეტოქის 22-ში მიმდინარეობდა. ამ პერიოდში მეტოქე ორჯერ დავაჯარიმეთ შერკინებაში, მაგრამ ორჯერ ვერ მოვიგეთ ჩვენი დერეფანი 5-მეტრიან წყვეტილთან. საწყის წუთებში ლომივით შეუტია და დაახლოებით 18 მეტრი იარა ნიკა ლომიძემ. მერე შალვა აფციაურმა მოიგო საჰაერო ორთაბრძოლა და შეუტია, რასაც ჯარიმა და გაფუჭებული დერეფანი მოყვა.


საწყის 10 წუთში იტალია ისეთ წნეხში მოექცა, რომ ზედიზედ რამდენჯერმე დაჯარიმდა და სინბინით დაისაჯა. 5-მეტრიანთან დანიშნულ შერკინებაში მეტოქე ისევ დაჯარიმდა, თუმცა უპირატესობაზე ლომიძემ კიდევ ერთხელ შეუტია და ლელოთი ანგარიში გახსნა, პეტრე ხუციშვილმა კი არცთუ იოლი პოზიციიდან გარდასახა.


რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება მეტჯერ ვერ მოხერხდა. იტალიამ ჯარიმით ჩამორჩენა მალევე შეამცირა, ჩვენი ორჯერ ხელდახელ შეტევა კი არაზუსტი პასების გამო ვერ განვითარდა. ამით მეტოქემ ისარგებლა, ტაიმის შუაში მეორედ გადმოვიდა ჩვენს ნახევარზე, ფორვარდებით შემოგვიტია და 9 ნომერმა კასილიომ ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა. თამაში განახლდა თუ არა, „არწივმა" შალვა აფციაურმა საჰაერო ბრძოლა კიდევ ერთხელ მოიგო, შეტევას ჯარიმა მოყვა და ხუციშვილმა გასატანი პოზიციიდან წონასწორობა აღადგინა  10-10.



ნაბიჯ-ნაბიჯ ისტორიული შედეგისკენ


ქართველმა მორაგბეებმა იგრძნეს, რომ შეტევის მოლს მეტოქე ვერ უმკლავდებოდა, თანაც თამაშის ბონუსით მოგება საშური საქმე იყო და 29-ე წუთზე ჯარიმიდან 3 ქულის აღებას ლელოზე თამაში არჩიეს. შედეგმაც არ დააყოვნა - მოლმა დაახლოებით 7-8 მეტრი დაფარა და ბასა ხონელიძემ თავისი პირველი ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო, თუმცა გიორგი ნიკოლაძის ცენტრში კარგი თამაშის შემდეგ, კვლავ მეტოქის 22-ში დავბრუნდით, კარის წინ ჯარიმა გამოვიმუშავეთ და ხუციშვილი 12 მეტრიდან არ შეცდა, 18-10.


ტაიმის ბოლოს რამდენიმე შეცდომა დავუშვით, რასაც ჯერ ბურთის დაკარგვა, მერე კი გიორგი შველიძის სინბინი მოყვა (38-ე წუთზე), მაგრამ მოლში ამჯერადაც კარგად დავდექით, მერე შერკინებაში ჯარიმა მოვიპოვეთ და შესვენებაზე 8-ქულიანი უპირატესობით გავედით.


მეორე ტაიმში მოედანზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა და კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი გუნდის კაპიტანმა ლაშა ციხისთავმა, რომელმაც გუნდს სიმშვიდე დაუბრუნა. მანამდე იტალიელი მორკინალების მცდელობამ შედეგი გამოიღო და ლელო-გარდასახვით სხვაობა 1 ქულამდე დავიდა. საპასუხოდ, შველიძისა და თორნიკე კახოიძის კარგი თამაშის შედეგად ხაზი ცენტრში გაიჭრა და მეტოქე დაჯარიმდა. პოზიცია გასატანი იყო, თუმცა უმცროსმა ბორჯღალოსნებმა კვლავ ლელოზე ითამაშეს.



5-მეტრიან დერეფანში არასწორი მოწოდების გამო ბურთი დავკარგეთ, მაგრამ იქვე, საკუთარ დერეფანში მოგებული ბურთი იტალიელებმაც დაკარგეს, რითაც ბასა ხონელიძემ ისარგებლა, თავად შეუტია და გატანილი ლელოთი შეცდომა გამოასწორა. ხუციშვილმა გარდასახვით 55-ე წუთზე 8-ქულიანი სტატუსქვო აღადგინა.


გადამწყვეტ მომენტში იტალია ბევრს ეცადა, მაგრამ უმცროსი ბორჯღალოსნებისგან გაუვალ დაცვას წააწყდა. ქართველმა მორაგბეებმა მძლავრი ბოჭვებითა და მოლის არაერთგზის შეჩერებით, 10-15-წუთიან ზეწოლას გაუძლეს, 71-ე წუთზე კი იტალია კიდევ ერთხელ დარჩა კაცნაკლული და საქართველომ ბონუსის მისაღებად გაიწია. მცდელობამ შედეგი 78-ე წუთზე მოიტანა. მარჯვენა ფრთაზე კარგად იარა შალვა აფციაურმა, მერე ბურთი საპირისპირო ფრთაზე ჩათამშდა და თორნიკე ღანიაშვილი მცველმა ლელოდან 8-10 მეტრში შეაჩერა, იქიდან კი თამაზ ჭამიაშვილმა დაყოვნების გარეშე შეუტია და ლელოთი საქართველოს მე-5 საცხრილო ქულა მოუტანა, 30-17 და საქართველო ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩის მოლოდინშია!


უარეს შემთხვევაში, საქართველო ჯგუფურ ეტაპს მეორე ადგილზე დაასრულებს, რისი მსგავსი შედეგიც აქამდე არასდროს გვქონია.



2023 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

4 ივლისი. სამშაბათი.

სტელენბოში. „დენი ქრეივენ სთედიუმი"

იტალია - საქართველო 17-30 (10-18)


საქართველო

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 11. ლუკა ხორბალაძე (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. ბასა ხონელიძე (ორიაკი), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 5. გიორგი ნიკოლაძე (აია), 6. რატი ზაზაძე (ნევერი), 7. ლაშა ციხისთავი (ბეიონი, კაპ.), 8. ნიკა ლომიძე (ხარები);

მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 17. ლაშა ფხაკაძე (ნევერი), 18. ბადრი ციხისთავი (ბეიონი), 19. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 20. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო); 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 22. ნიკოლას რაგოევი (ნევერი), 23. ვაჟა მიქაძე (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

4 ლელო: ლომიძე, ხონელიძე (2), ჭამიაშვილი

2 გარდასახვა: ხუციშვილი

2 ჯარიმა: ხუციშვილი