ილიას ზუროსის გუნდი ხვალიდან ხანგრძლივ შეკრებაზე გადადის
ილიას ზუროსის გუნდი ხვალიდან ხანგრძლივ შეკრებაზე გადადის
04.07.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას ხვალიდან, 5 ივლისიდან იწყებს. ილიას ზუროსის გუნდი იაპონიაში გამგზავრებამდე საკმაოდ დატვირთულ და „სამოგზაურო" მოსამზადებელი ციკლის პირველ შეკრებას თბილისში 12 ივლისამდე გაივლის.

ქვეყნის კალათბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პირველ ეტაპზე ერთკვირიანი შესარჩევი ვარჯიშების  შემდეგ,  შეირჩევა ის 16 მოთამაშე, რომელიც უკვე მოსამზადებელი ეტაპის მომდევნო ციკლს, იტალიის ქალაქ ტრევიზოში გაივლის. აღნიშნული შეკრება, ქართული გუნდისთვის „გენერალური" იქნება და მის დასრულების შემდეგ პირველ სამ სპარინგსაც გამართავს. აქედან, ერთს 29 ივლისს ტრევიზოში ჩატარდება.




საწყის ეტაპზე საქართველოს კალათბურთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა შეკრებაზე 34 კალათბურთელი გამოიძახა, თუმცა, გამოძახებულთა შორის კვლავ არ არიან ვოვა თავაქარაშვილი, ლუკა ლიკლიკაძე და ლევან ქვარცხავა, რომელებზე დაკვირვებაც, ჩვენი აზრით, არ იქნებოდა ურიგო. შეკრების საწყის ეტაპზე გაფართოებულ სიაში არ არიან არც თოკო შენგელია, თად მაკფადენი, სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე, რომლებიც ფედერაციის გვედრის ინფორმაციით გუნდს, იტალიური შეკრებისას, ტრევიზოში შეუერთდებიან. და კიდევ, შემადგენლობის შესახებ, რომ თემა ამოვწუროთ კვლავ, ფედერაციის ოფიციალურ ცნობას დავეყრდნობით, რომელიც იტყობინება, რომ „ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულნი არიან, თუმცა შეკრებაზე არ იქნებიან ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მოთამაშე საბა გიგიბერია და ალექსი მერკვილაძე. თბილისში ჩამოსულმა გიგიბერიამ ტრავმა მიიღო, ხოლო მერკვილაძეს თავისი კოლეჯი არ აძლევს უფლებას, სავარჯიშოდ ეროვნულ ნაკრებში რომ გამოცხადდეს".


მსოფლიო ჩემპიონატისთვის ჩვენი ნაკრები საწვრთნელ შეკრების მთავარ ნაწილს 16 აგვისტოს დაასრულებს და მეორე დღესვე იაპონიაში გაემგზავრება, სადაც უკვე მსოფლიო ჩემპიონატის წინ, უშუალოდ ოკინავაში, ავსტრალიის ნაკრებთან ბოლო სპარინგისთვის მოემზადება.