7-ქალა ბუდაპეშტში საპრიზო ადგილებისთვის
7-ქალა ბუდაპეშტში საპრიზო ადგილებისთვის
04.07.2023
ავტორი: რაგბის კავშირი

საქართველოს 7-ქალა ნაკრები ხვალ გამთენიისას უნგრეთში, ბუდაპეშტში მიემგზავრება, სადაც რაგბი ევროპის ალაფის მეორე ეტაპზე ითამაშებს.

პირველ, ზაგრების ეტაპზე გოგონებმა ნახევარფინალი უკრაინასთან (10:28), მე-3 ადგილისთვის მატჩი კი ფინეთთან (10:19) დათმეს და ჯერჯერობით მე-4 ადგილზე (უკრაინის, თურქეთისა და ფინეთის შემდეგ) არიან. იმისათვის, რომ საქართველომ 12-გუნდა ელიტის საგზური მოიპოვოს, ორი ეტაპის ჯამში პირველ-მეორე ადგილზე უნდა გავიდეს.


ბუდაპეშტში ჯგუფურ ეტაპზე სამ თამაშს გავმართავთ, სამივეს 7 ივლისს. ტურნირი საქართველოსა და დანიის შეხვედრით ჩვენი დროით 12:30 საათზე იხსნება; 15:30 საათზე მოლდოვას ვეთამაშებით; 18:52-ზე კარგად ნაცნობ ფინეთს. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, 8 საუკეთესო გუნდი თასის ნახევარფინალში გადის. ფლეი ოფები და ფინალები 8 ივლისსაა ჩანიშნული.


პირველი ეტაპის შემდეგ საქართველოს 7-ქალას შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა. გუნდის მთავარი მწვრთნელი ჯაბა მალაღურაძე გოგონების მზადყოფნით კმაყოფილია: "შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა. ბუდაპეშტში ნინო წიკლაური მიგვყავს, რომელიც ჩვენთან ერთად შარშან დუბაის ტურნირზეც იყო. გავიარეთ 3-დღიანი შეკრება მარტყოფში. ძირითადად შეტევის დეტალების გაუმჯობესებაზე ვიმუშავეთ. პირველ ეტაპზე დაცვაში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ იმისათვის რომ თამაშები მოიგო, შეტევაში ძალიან კარგი უნდა იყო".


„ვთვლი, რომ გუნდი კარგადაა მომზადებული და საპრიზო ადგილებისთვის ვიბრძოლებთ. პირველ ეტაპზე უკრაინასთან და ფინეთთან გამარჯვენისთვის ცოტა დაგვაკლდა და ამჯერად შეცდომები უნდა გამოვასწოროთ. ვთვლი, რომ მიზნის მიღწევა და ორი ეტაპის ჯამში ორ საუკეთსო გუნდს შორის მოხვედრა შეგვიძლია".


საქართველოს 7-ქალა რაგბი ევროპის ალაფის მეორე ეტაპზე (ბუდაპეშტი):
თეონა ჩიტაიშვილი (ქუთაისი), სალომე მაკასარაშვილი (თბილისი), ნათია გავაშელიშვილი (რუსთავი), სალომე საღარაძე (თბილისი), თამარ მანაგაძე (ქუთაისი), ირმა გულიაშვილი (თბილისი), მანონი საღარაძე (თბილისი), ლიკა ხუფენია (ზუგდიდი), ანა დათიაშვილი (ლოკომოტივი), ანა კაპანაძე (ოზურგეთი), მარიამ გოგუაძე (თბილისი), ანანო ხაბულიანი (ლოკომოტივი), ნინო წიკლაური (თბილისი).

მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე

მწვრთნელი: გიორგი შკინინი

ექიმი: ოთარ თაბაგარი

ფიზიო: გიორგი მურადაშვილი

მენეჯერი: ია ხურცილავა

ვიდეო: გიორგი ბარბაქაძე