ლაშა გურული მესამე ევროპული თამაშების ვერცხლის პრიზიორია
ლაშა გურული მესამე ევროპული თამაშების ვერცხლის პრიზიორია
01.07.2023
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

მესამე ევროპული თამაშების ბოლოსწინა დღეს საქართველოს გუნდმა ერთბაშად 3 მედალი მოიპოვა: ძიუდოისტებმა გუნდურ პირველობაში გაიმარჯვეს და ჩვენ ნაკრებს ,,კრაკოვი-მალოპოლსკა 2023-ზე" მესამე ოქროს მედალი შემატეს, დილით კიკბოქსიორი ზურაბ ივანიაძე დამარცხდა ნახევარფინალში და პოლონეთში ასპარეზობა ბრინჯაოთი დაასრულა, რამდენიმე წუთის წინ მოკრივე ლაშა გურულმა ვერცხლის მედალი მოიგო!

კრივში 63,5კგ წონითი კატეგორიის ფინალში ლაშა მსოფლიოს ჩემპიონს, რიო დე ჟანეიროს თამაშების ვერცხლის მედალოსანს, ფრანგ სოფიან უმიას დაუპირისპირდა და 1-4 დამარცხდა.


ქართველმა მოკრივემ წელს მეორე მედალი მოიგო უმაღლესი რანგის შეჯიბრებებში. მესამე ევროპულ თამაშებამდე ის ტაშკენტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს დაეუფლა.


"კრაკოვი-მალოპოლსკა 2023" პარიზის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპიც იყო და ლაშამ ნახევარფინალში გასვლით 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაც გაინაღდა.


ამ წუთისთვის საქართველოს გუნდი მესამე ევროპულ თამაშებზე გუნდურ ჩათვლაში მე-19 ადგილზეა 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედლით.


ხვალ, თამაშების ბოლო დღეს, კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი იბრძოლებს ჩემპიონის ტიტულისთვის: კიკბოქსიორი ლუკა შონია (75კგ), რომელმაც დღეს ნახევარფინალში გაიმარჯვა და ოქროს მედლისთვის უკრაინელ ტიმურ ბრიუკოვს დაუპირისპირდება. ფინალი საქართველოს დროით 15:45 საათზეა დანიშნული.