საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მესამე ევროპული თამაშები ოქროს მედლით დაასრულა! 14 მაისს მოგებულ მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალს ჩვენმა გუნდმა დღეს კონტინენტური თამაშების მთავარი ჯილდოც დაურთო და ქართული ძიუდოს ისტორიაში ახალი საამაყო ფურცელი ჩაწერა!
4-1, ამ ანგარიშით დაამარცხეს ჩვენმა ძიუდოისტებმა გერმანიის ნაკრები. ლაშა გუჯეჯიანის გუნდმა ფინალის პირველი სამი პაექრობა თავის სასარგებლოდ დაასრულა: გურამ თუშიშვილმა ერიკ აარონ აბრამოვთან, ეთერ ლიპარტელიანმა სეია ბალჰაუსის წინააღმდეგ, ლაშა შავდათუაშვილმა კი იანო იასპერ რუებოსთან.
მეოთხე პაექრობაში მეტოქემ გაიმარჯვა, მირიამ ბუტკერაიტმა ეთერ ასკილაშვილს აჯობა, თუმცა მათ შემდეგ ტატამზე ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და მარტინ მატიასი დადგნენ და ოქროს მედლის მფლობელი გუნდიც გამოვლინდა, საქართველო!
კრინიცა-ზდროის არენაზე ასპარეზობა გუჯეჯიანის მომზადებულმა ნაკრებმა 1/8 ფინალიდან დაიწყო, სადაც ხორვატიას დაუპირისპირდა. ბალკანელებმა საკვალიფიკაციო წრეში 4-1 სძლიეს ლიეტუველებს, თუმცა ქართველებთან ამავე ანგარიშით წააგეს. მართალია ჯერ მეტოქემ გაიმარჯვა, ანდელა ვიოლიჩმა მოუგო ასკილაშვილს, თუმცა მომდევნო ორთაბრძოლებში ბექაურმა იოსიპ ბულიჩი დაამარცხა, სოფიო სომხიშვილმა ტინა რადიჩი, თუშიშვილმა მარკო კუმრიჩი, ხოლო ლიპარტელიანმა ტიჰეა ტოპოლევეცი.
1/4 ფინალში ჩვენი გუნდის მეტოქე თურქეთი იყო, რომელმაც პირველ წრეში ისრაელი დაამარცხა ანგარიშით 4-1, თუმცა საქართველოსთან იგივე სხვაობით დამარცხდა. ბექაურმა ომერ ქემალ ეიდინს აჯობა, თუშიშვილმა მუნირ ერთუღს, ლიპარტელიანმა ჰასრეთ ბოზქურთი დაამარცხა, შავდათუაშვილმა კი უმალტ დემირელი. მეტოქეს ერთადერთი ქულა ჰილალ ოზთურქმა მოუტანა, რომელმაც სომხიშვილს სძლია.
ჩვენი გუნდისთვის ყველაზე რთული ნახევარფინალური დაპირისპირება გამოდგა იტალიასთან, რომელმაც 1/4-ფინალში საფრანგეთს დამატებით შეხვედრაში აჯობა, 4-3, არადა პირველი ორი ორთაბრძოლა ფრანგებმა მოიგეს.
სომხიშვილმა ასია ტავანოს სძლია, 1-0. თუშიშვილს ჯენარო პირელისთან დაუცდა ფეხი, 1 1. თაუანი დავიდ კაპანი დიასმა ლიპარტელიანთან გამარჯვების შემდეგ იტალია დააწინაურა, 2-1. ედოარდო მელასთან მოგებით შავდათუაშვილმა წონასწორობა აღადგინა, 2-2. ირენე პედროტიმ ასკილაშვილს სძლია და კვლავ წინ გაიყვანა იტალია, 3-2, თუმცა ბექაურმა უშანსოდ აჯობა ქრისტიან პარლატის, ვაზარი, იპონი და 3-3. წილისყრით გადამწყვეტ შეხვედრაში კვლავ თუშიშვილი და პირელი დადგნენ ერთმანეთის პირისპირ და ამჯერად გურამმა გაგვახარა, 4-3!
ცნობისათვის: ეს ქართველი ძიუდოისტების მეორე გუნდური მედალია ევროპის თამაშების ისტორიაში. 2015 წელს, ბაქოში, I თამაშებზე, ჩვენმა ვაჟებმა ვერცხლი მოიპოვეს.
დღევანდელი მონაცემებით საქართველოს გუნდი მესამე ევროპულ თამაშებზე საერთო ჩათვლაში მე-19 ადგილზეა 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედლით.