საქართველოს სუპერ თასის ფინალში „დინამოები“ არიან
საქართველოს სუპერ თასის ფინალში „დინამოები“ არიან
30.06.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

რამდენიმე წლიანი შესვენების შემდეგ, დღეს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, „დინამო თბილისის" კარში გიორგი ლორია იდგა. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თანამედროვე ქართულ რეალობაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი მშობლიურ კლუბში რამდენიმე დღეა დაბრუნდა და დღეს, საქართველოს სუპერ თასის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. თამაშის მომენტში, ლორიას ანგარიშზე რამდენიმე „სეივია", პენალტების სერიაში კი, ორი მოგერიებული 11-მეტრიანი.




დღეს, თბილისსა და სამტრედიაში, სლავა მეტრეველის სუპერთასის გათამაშების ახალ ფორმატში ოთხი გუნდი, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისი", ქვეყნის დავით ყიფიანის თასის მფლობელი ქუთაისის „ტორპედო", ელიგის მეორე და მესამე ადგილოსნები, ბათუმის „დინამო" და გორის „დილა" ჩაერთვნენ. ახალი ფორმატის მიხედვით, რომელიც სფფ-ს გადაწყვეტილებით უეფა-ს ევროტურნირებზე მოასპარეზე ქართული კლუბებისთვის მოსამზადებელი შეჯიბრია, წილისყრის შემდეგ 1/2 ფინალებში დაწყვილდნენ. დებულების თანახმად გამარჯვებულები ერთ-რაუნდიან დაპირისპირებაში უნდა გამოვლენილიყვნენ, რის შემდეგაც, მოგებულები თასისთვის, დამარცხებულები კი, მესამე ადგილისთვის ითამაშებდნენ.


დღეს, სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე „ტორპედომ",  ბათუმის „დინამო" მიიღო. შეხვედრის ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე დასრულდა და გამარჯვებული 11-მეტრიანების სერიაში გაირკვა. აქ, ე.წ. გაფუჭებულ დარტყმამდე მივიდა საქმე და ნერვებმა, ირაკლი ბუღრიძეს უმტყუნა.  ბათუმის „დინამომ" კი 6-5 მოიგო.




ფრედ დასრულდა მატჩის ძირითადი დროც, თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე. რა დასამალია და ერთთვიანი შესვენების შემდეგ, საკმაოდ უღიმღამო თამაშში, „დინამო თბილისსა" და გორის „დილას" შორის ანგარიში, 72-ე წუთზე, ულად ომარ იმრანმა გახსნა და დინამოელები დააწინაურა. თბილისურ გუნდს, ძირითად დროშივე შეეძლო მოგება, თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებული 6 წუთი იწურებოდა, როდესაც ონორე გომისმა ანგარიშის პენალტების სერიაში გადაყვანა მოახერხა. „ნერვების ბრძოლაში" გორელთაგან პირველი (ალეფ სანტოსი) და მეოთხე (მიშიკო სარდალიშვილი) დარტყმულები ლორიამ, ერთსა და იმავე კუთხეში მოიგერია, გამარჯვება კი, „დინამოელებს" ჯადული იობაშვილის ზუსტად დარტყმულმა 11-მეტრიანმა მოუტანა. „დინამო თბილისმა" 4-2 გაიმარჯვა და ახლა ფინალში ბოლო წლების უცვლელ მეტოქეს, ბათუმის „დინამოს" შეხვდება.


გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი, ფინალურ შეხვედრას თბილისში 4 ივლისს გამართავს, ამავე დღეს, სამტრედიაში,  „ტორპედო" და „დილას" დაუპირისპირდება.