კრაკოვი-მალოპოლსკა 2023: 28 ივნისის შეჯამება
კრაკოვი-მალოპოლსკა 2023: 28 ივნისის შეჯამება
29.06.2023
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

კრივში მსოფლიო ჩემპიონატების ორგზის ბრინჯაოსმედალოსანმა ლაშა გურულმა დღევანდელი გამარჯვებით  III ევროპულ თამაშებზე მესამე ადგილი გაინაღდა, თუმცა დიდი იმედი გვაქვს, რომ ის ნახევარფინალშიც თავდადებით იბრძოლებს და ფინალში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს.

ლაშა გურულმა ბულგარელი რადოსლავ სიმეონ როსენოვი 5-0 დაამარცხა და 63,5კგ წონითი კატეგორიის ნახევარფინალში, 30 ივნისს, უნგრელ რიჩარდ კოვაჩს დაუპირისპირდება.


ამ მნიშვნელოვანი გამარჯვებით  ქართველმა მოკრივემ პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა და 2024 წლის ზაფხულში მთავარ სპორტულ ფორუმზე იასპარეზებს.


დღეს, ნოვი ტარგის სპორტულ დარბაზში ასევე იასპარეზა მოკრივე არტიუშ გომციანმა (57კგ) სამწუხაროდ  ესპანელ მეტოქესთან 1-4 დამარცხდა.


დღესვე იასპარეზეს ხმლით მოფარიკავე ვაჟებმა. ჩვენმა ოთხეულმა - სანდრო და ბექა ბაზაძეები, ვახტანგ არჩვაძე, გოგა კაკაურიძე - ტაურონის დარბაზში გუნდური პირველობის ოქროს შეუტია, თუმცა მხოლოდ ერთი მეტოქე დაამარცხა.


1/8-ფინალში ქართველებმა 45-36 აჯობეს თურქეთს, მეოთხედფინალში კი უნგრეთის ძლიერ გუნდს შეხვდნენ  და მიუხედავად იმისა, რომ ცდა არ დააკლეს, მაინც მეტოქემ გაიმარჯვა , 28-45.