საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მეტოქე ცნობილია. 1 ივლისს, 20:00 საათზე, „დინამო არენაზე" რამაზ სვანაძის გუნდი ისრაელის 21-წლამდეთა ნაკრებს დაუპირისპირდება. გულშემატკივართა ინტერესების გათვალისწინებით, რომლებიც ტურნირის ერთ-ერთი თანამასპინძლის, საქართველოს ნაკრების საშინაო თამაშებზე, დასწრების რეკორდებს ხსნის, უეფა-მ იფიქრა და გადაწყვიტა, 1/4 ფინალური მატჩი, „მიხეილ მესხის" სტადიონის ნაცვლად, კვლავ „დინამო არენაზე" ჩაატაროს.
ნიდერლანდელებთან მატჩის დროს, სტადიონზე იხუმრეს, რომ მხოლოდ საქართველოში, სადაც ლაშა ტალახაძე ცხოვრობს, შეუძლიათ საკუთარი რეკორდების მოხსნა. შესაბამისად, ბელგიასთან მატჩის დროს, გულშემატკივართა დასწრების მაჩვენებელი, ნიდერლანდებთან გაუმჯობესდა, 1/4 ფინალზე კი, ბილეთების გაყიდვიდან 12 საათში, ყველა ბილეთი გაიყიდა.
ისრაელის ნაკრებმა კი, რომლებიც C ჯგუფში ინგლისის, ახალგაზრდული ჩემპიონატის მოქმედ ჩემპიონ გერმანიასთან და ჩეხეთის ნაკრებთან ერთად ასპარეზობდა, დღეს, ბოლო შეხვედრა გამართა ჩეხეთთან და მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოიპოვა, 3 თამაშიდან 4 ქულა დააგროვა და მეორე ადგილით 21-წლამდეთა ევროს 1/4 ფინალში გავიდა. ისრაელის ნაკრებმა, რომელმაც სამივე შეხვედრა ქუთაისში, რამაზ შენგელიაზე ჩაატარა თბილისში, ხვალ ჩამოვა და თამაშისთვის მოემზადება.
ამ ჯგუფში და საერთოდ, ევრო 2023-ის ოთხივე ფინალურ ჯგუფში, ინგლისის ნაკრები ერთადერთი გუნდია, რომელმაც საკუთარ კარში გოლი არ გაუშვა და D ჯგუფში მოასპარეზე საფრანგეთის ნაკრების მსგავსად 9 ქულით, დაიკავა პირველი ადგილი. ინგლისის ნაკრები 1/4 ფინალში, თბილისურ ჯგუფში მეორე ადგილზე გასულ მოქმედ ვიცე-ჩემპიონს, პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება. რაც შეეხება საფრანგეთს - ის, უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება. უკრაინელებმა, B ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს, თუმცა, ესპანეთის ნაკრების მსგავსად, რომელმაც ჯგუფი მოიგო, 7 ქულა დააგროვეს. ესპანეთი, 1/4 ფინალში შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
და ბოლოს, ვიდრე თამაშების განრიგს გაგაცნობთ, გეტყვით, რომ ამ ჩემპიონატზე ბევრი რამ დაუგეგმავად ხდება. მაგალითად, ვერავინ იფიქრებდა, რომ გათამაშების დებიუტანტი, საქართველო, ე.წ. სიკვდილის ჯგუფიდან, მომდევნო ეტაპზე პირველი ადგილით გავიდოდა. ამასთან, ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, საუკეთესო გოლის პრეტენზიას სწორედ, ჩვენიანის, ზურიკო დავითაშვილის გოლი განაცხადებდა. ამას გარდა, ვერც იმას დაუშვებდა ბევრი, რომ გერმანიის ნაკრები, რომელიც 21-წლამდეთა შორის ჯერ ისევ მოქმედი ჩემპიონია, ტურნირს, გათამაშების სტარტზე, ისრაელის ნაკრებთან აღებული ერთი ქულით და ჯგუფში ბოლო ადგილით დაასრულებდა.
ევრო 2023-ის 1/4 ფინალური მატჩები
1 ივლისი
20:00 / საქართველო - ისრაელი / თბილისი, „დინამო არენა"
23:00 / ესპანეთი - შვეიცარია / რუმინეთი
2 ივლისი
20:00 / ინგლისი -პორტუგალია / ქუთაისი, „რამაზ შენგელიას სტადიონი"
23:00 / საფრანგეთი - უკრაინა / რუმინეთი