მორიგი დღე ევროპულ თამაშებზე
მორიგი დღე ევროპულ თამაშებზე
26.06.2023
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

მესამე ევროპულ თამაშებში მონაწილე საქართველოს ოლიმპიურ გუნდს კიდევ ერთი მედალი შეემატა! ტაილანდურ კრივში (მუაიტაი) დღეს გამართა ნახევარფინალური შეხვედრა ელენე ლოლაძემ (54კგ), რომლის მეტოქე პოლონელი მარტინა კერჩინსკა გახლდათ. მასპინძელთა ფავორიტმა ქულის სხვაობით გაიმარჯვა - 29-28, და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, ელენე ლოლაძეს კი ბრინჯაოს მედალი ხვდა წილად.

26 ივნისს მონაცემებით ჩვენი გუნდის აქტივში უკვე 5 მედალია: 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.


მესამე ევროპულ თამაშებზე ტყვიის მსროლელმა ქალებმა სპორტული პისტოლეტიდან სროლაში (25მ) დღეს მედლებისთვის ბრძოლა განაახლეს. ნინო სალუქვაძემ ამ დისციპლინაში მეოთხე ადგილი დაიკავა და კარიერაში მეათედ მოიპოვა ოლიმპიური თამაშების ლიცენზია.


დღეს მედლების მეორე კომპლექტები გაითამაშეს მოფარიკავეებმა. ტაურონ არენის დარბაზში ვაჟებმა ამჯერად რაპირით, გოგონებმა კი დაშნით იასპარეზეს. საქართველოს გუნდმა გუშინ აქ პირველი ოქროს მედალი მოიპოვა - სანდრო ბაზაძემ, თუმცა დღეს ჩვენი გუნდი უმედლოდ დარჩა.


პირველად გოგონათა ასპარეზობა დაიწყო. II ჯგუფში იასპარეზა ანასტასია სპასმა, რომელმაც სამ მეტოქეს სძლია და სამთან თავად დამარცხდა. III ჯგუფში გამოვიდა თამილა მურიდოვა. ორი გამარჯვება და ოთხი მარცხი, ასეთია მისი შედეგი. V ჯგუფში ვიხილეთ მაია გუჩმაზოვა, რომელმაც ასევე ორი დაპირისპირება მოიგო, ოთხი კი წააგო. VI ჯგუფში იბრძოლა არინა კორნეევამ და საუკეთესო შედეგიც აჩვენა - ოთხი მოგება და ორი წაგება.


ოთხეულიდან ფლეი ოფში კორნეევამ, გუჩმაზოვამ და სპასმა იასპარეზეს, თუმცა 1/32-ფინალი ვერავინ დაძლია.


რაპირისტ ვაჟთა შორის ლუკა ღაღანიძემ (VII ჯგუფი), ლაშა გალუაშვილმა (IX) და არჩილ უგულავამ (X) იბრძოლეს. ამ სამეულიდან ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე ძლიერად გალუაშვილი გამოვიდა, რომელმაც ექვსიდან ხუთ მეტოქეს სძლია. უგულავამ ერთადერთი დაპირისპირება მოიგო, ღაღანიძემ კი ორი, 1/32-ფინალში კი გავიდა, მაგრამ იქ 7-15 დამარცხდა.


ფლეი ოფის პირველი წრე დღეს მხოლოდ ლაშა გალუაშვილმა დაძლია, რომელმაც ურთულეს დაპირისპირებაში 15-14 დაამარცხა ისრაელის გუნდის წევრი როი ელიაჰუ როზენფელდი. ლაშას მომდევნო მეტოქე ჩეხი ალექსანდერ ჩუპენიჩი გახლდათ. შეხვედრა 10-15 დასრულდა მეტოქის სასარგებლოდ.

ნოვი ტარგში მოკრივეთა ტურნირი გრძელდება, 54კგ წონითი კატეგორიის მერვედფინალში ანი ხუნჯუა რუმინელ ლენუტა ლაკრამიო პერიჟოკს შეხვდა. გამარჯვება მეტოქეს დარჩა, 0-5.

შვიდკაცა რაგბში საქართველოს ნაკრებმა გუნდმა ჯერ ჯგუფის უკანასკნელი, მესამე თამაში გამართა ესპანეთთან, საღამოს კი პორტუგალიასთან.


ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრები 35-7 დაამარცხა და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა. ეს შეხვედრა კრაკოვში ჰენრიკ რეიმანის სახელობის სტადიონზე შუადღით გაიმართა. ჩვენმა გუნდმა პირველი ნახევარი სამი გაშვებული ლელოთი და გარდასახვით 0-21 წააგო, შესვენების შემდეგ კი ესპანელებმა 14:-7 მოიგეს. საქართველოს ნაკრების ყველა ქულა - ლელო და გარდასახვა, სერგი ჩხაიძის ანგარიშზეა.


უფრო რთული გამოდგა პორტუგალიასთან მეოთხედფინალის დასაწყისი,


მეოთხედფინალი ასე დასრულდა 5-31.


საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები გუნდი მე-5-8 ადგილებისთვის იბრძოლებს. პირველი მეტოქე ბელგიაა. თამაში ხვალ შუადღით გაიმართება. გამარჯვებული V ადგილისთვის იტალია-გერმანიას შორის მოგებულს დაუპირისპირდება.


რზეშოვის აუზში წყალში მხტომელებმა დღეს მეტრიან ტრამპლინზე იასპარეზეს. საკვალიფიკაციო ეტაპის 31 მონაწილეს შორის ორი ქართველიც იყო. თორნიკე ონიკაშვილი 265.75 ქულით 25-ე ადგილზე გავიდა, ირაკლი საკანდელიძემ კი 243.90 ქულით 30-ე ადგილი დაიკავა. მედლებისთვის ბრძოლა თორმეტი უმაღლესი შედეგის მქონე სპორტსმენმა განაგრძო.


თანამედროვე ხუთჭიდში დღეს ორი მონაწილე გვყავდა: გაგა ხიჯაკაძე და გიორგი ცხადაძე. შედარებით უკეთ იასპარეზა გაგა ხიჯაკაძემ და პირველი დღით გათვალისწინებულ დისციპლინებში 1175 ქულა მოაგროვა, რაც მე-20 შედეგი იყო. ცხადაძე 1068 ქულით 27-ე ადგილზე გავიდა. ამით მათ მედლისთვის ბრძოლა დაასრულეს.