არ დაგვავიწყდეს - სლავა მეტრეველის სუპერ თასი 30 ივნისს იწყება
არ დაგვავიწყდეს - სლავა მეტრეველის სუპერ თასი 30 ივნისს იწყება
28.06.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


უეფა-ს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატიდან გამომდინარე, საქართველოს სუპერ თასის სასტარტო მატჩების განრიგში მცირედი ცვლილებებია. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისი", რომელიც სუპერთასის პირველ, 1/2 ფინალურ შეხვედრას თბილისში, მშობლიური „დინამო არენის" ნაცვლად, „მიხეილ მესხზე' გამართავს, 30 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება. 2021 წელს, დინამოელებმა, სწორედ ამ სტადიონზე მოიგეს სუპერ თასი. შესაბამისად, თბილისელთათვის, სტადიონის ცვლილება, დიდი თავსატეხი არ უნდა იყოს. თუმცა, ისევე, როგორც გორის „დილასთვის", რომელიც გრძელ სანაკრებო არდადეგების მანძილზე, თითქმის სრული შემადგენლობით ვარჯიშობდა.


შეგახსენებთ, რომ სფფ-ს გადაწყვეტილებით, სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის 2023 წლის გათამაშება 30 ივნისს დაიწყება და ის ახალი ფორმატით, ე.წ. ოთხთა ტურნირის სახით ჩატარდება.


ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, საქართველოს სუპერთასის გათამაშებაში ევროთასებზე მონაწილე ოთხივე გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისი", დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი ქუთაისის „ტორპედო" და ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონში მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები - ბათუმის „დინამო" და გორის „დილა".


ჩვენს მიერ უკვე ხსენებულ მატჩამდე 3 საათით ადრე გაირკვევა სუპერ თასის გათამაშების ამ ეტაპის მეორე წყვილში გამარჯვებულის და შესაბამისად ფინალისტის ბედიც. ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე „ტორპედო" - ბათუმის „დინამოს მიიღებს. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.


ახალი ფორმატის მიხედვით, სუპერ თასის ნახევარფინალში (დაპირისპირებები ერთ რაუნდიანია) გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან, ხოლო დამარცხებული გუნდები მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ.  ფინალური და მესამე ადგილისთვის შეხვედრები 4 ივლის ჩატარდება. ამ ეტაპზე სფფ არ აკონკრეტებს თუ სად გაიმართება თამაშები, თუმცა, არაა გამორიცხული ისინი თბილისში, ჩატარდეს.