მეოთხედფინალში მოგებული ჯგუფით
მეოთხედფინალში მოგებული ჯგუფით
27.06.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„ცოტა აჭრილებმა დავიწყეთ" - ეს არის პირველი ჩანაწერი ნიდერლანდები - საქართველოს მატჩიდან, რომელიც საბოლოოდ ფრედ, 1-1 დასრულდა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს 1/4 ფინალის საგზური, თანაც მოგებულ ჯგუფთან ერთად მოიტანა. რა დასამალია და იმისდა მიუხედავად, რომ ე.წ. სიკვდილის ჯგუფში საქართველოს 21-წლამდეთა ნაკრების ყველა მონაწილეს, სწორედ, ჩვენს გუნდთან ჰქონდა „დაგეგმილი 3 ქულა", მოხდა ისე, რომ რამაზ სვანაძის გუნდი აღმოჩნდა ის ნაკრები, რომელმაც A ჯგუფში ყველაზე მეტი 5 ქულა დააგროვა (მოუგო პორტუგალიას 2-0, ფრედ ითამაშა ბელგიასთან 2-2 და ბოლოს ნიდერლანდებთან 1-1).


„ურთულესი პირველი ტაიმი იყო. ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებოდით. მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდებმა ვერ დაძლიეს ჯგუფურ ეტაპი, ვთვლი, რომ საუკეთესო გუნდი იყო ჩვენს ჯგუფში, რაც მოედანზეც გამოჩნდა. დღევანდელ შეხვედრაში თავი იჩინა ფიზიკურმა და ემოციურმა დაღლილობამ. მიუხედავად ამისა, ჩემმა ფეხბურთელებმა ყველაფერს გაუძლებს და სწორედ აქ გამოჩნდა ჩვენი მენტალური მხარე. ეს არის თაობა, რომელსაც ძალიან ბევრის მიღწევა შეუძლია და გულშემატკივარს უნდა ჰქონდეს ამ თაობის იმედი. ახლა ოთხი დღე გვაქვს ძალების აღსადგენად. ჩვენი უპირველესი მიზანი სწორედ ეს არის", - ამას რამაზ სვანაძე იტყვის მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე იტყვის და დაამატებს, რომ ხვალ გუნდი ცოტას დაისვენებს და ერთად უყურებს პოტენციური მეტოქის თამაშს ტელევიზიით.




გამომდინარე იქიდან, რომ ხვალინდელ მატჩებამდე, რომელიც ქუთაისსა და ბათუმში იმართება, C ჯგუფს კი, ინგლისის ნაკრები 6 ქულით ლიდერობს და უკვე, გარანტირებული აქვს 1/4  ფინალის საგზური, უკვე იმას გარკვევაღა დაგვრჩა, კონკრეტულად ვინ იქნება ჩვენი მეტოქე ქართული გუნდისთვის ისტორიულ ეტაპზე. ინგლისი, ბათუმში გერმანიის ნაკრებს ეთამაშება და 21-წლამდეთა შორის მოქმედ ჩემპიონს, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად, ე.წ. must win game-ი (აუცილებლად მოსაგები) აქვს. აი, ამ ჯგუფში მეორე ადგილზე მყოფ ჩეხეთის ნაკრებს კი, ქუთაისში, ისრაელის ნაკრებთან უწევს თამაში.


თუმცა, ახლა ისევ დღევანდელ შეხვედრას დავუბრუნდეთ. თამაშის შემდეგ, რეკორდულად მოკლე დროში დასრულებულ პრესკონფერენციაზე, რომელის პირველი ნაწილიც არ ითარგმნა ინგლისურად და ქართველმა ჟურნალისტებმა თანამედროვე ტექნოლოგიებით „ამოვგლიჯეთ" პრესკონფერეციის შინაარსიდან ფრაზები, ნათელი იყო, რომ ჰოლანდიელები, „ამ თამაშში ფორტუნა"-ს უჩივიან, რომელიც არ იყო მათ მხარეს, უკმაყოფილოები არიან მსაჯებთან დაკავშირებული რამდენიმე მომენტით, თუმცა, საკუთარი გუნდის თამაშით კმაყოფილები არინა.



ბუნებრივია, მსაჯობაზე და ძელზე, რომელმაც საქართველოს ნაკრების კარი იხსნა ვერაფერს ვიტყვით, ვერც იმაზე ვიდავებთ, რომ ჰოლანდიელებმა კარგი შეხვედრა ჩაატარეს, რადგან კი, საუბრობს თამაშის შემდეგ ყველა ზურიკო დავითაშვილის გოლზე და ამის შესახებ ოდნავ მოგვიანებით, მაგრამ კარში დამაჯერებლად რომ არ მდგარიყო გიორგი მამარდაშვილი ანგარიში სხვა იქნებოდა.  რა დასამალია და მინდორზე ძაღლის შემოსვლამდე, ქართველები რეალურად მეტოქის ნახევარზე არ გადმოსულან... აი, გერმანულ ნაგაზთან (ეტყობა, გერმანიის ნაკრებმა, ოდნავ დაზვერა „დინამო არენა") ნაჯვარი მეტისის მინდვრიდან გაყვანის შემდეგ კი, სვანაძის გუნდი უფრო აქტიური გახდა.


42-ე წუთზე კი, ზურიკო დავითაშვილმა, ცოტა,  ფანტასტიკის სფეროდან შემოგვთავაზა. უეფა-ს ვებ-გვერდი მოგვიანებით ქართველის გატანილს, სენსაციურ სოლო გოლს უწოდებს, რომელიც უკვე ჩვენი მოსაზრებით, ჯგუფური ეტაპის საუკეთესო გოლი შეიძლება გახდეს. ყოველ შემთხვევაში, უეფა-მ ქართველი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.




„იქით რატომ გავიქეცი? გოლი ცოლს მივუძღვენი", - საკმაოდ მხიარულ განწყობაზე იყო მატჩის შედეგ დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილი, რომელიც რა დასამალია და „დინამო არენაზე", როგორც თევზი წყალში, ისე გრძნობდა თავს. „ძალიან რთულ ჯგუფში მოგვიწია თამაში. ბევრს ვერ წარმოედგინა, რომ პირველ ადგილზე გავიდოდით, თუმცა ჩვენ გვჯეროდა. მადლობა ყველას ასეთი გარემოსთვის. რთული პირველი ტაიმი იყო, მაგრამ ვიპოვეთ ძალები და გადავლახეთ სირთულეები. ახლა, ყველაფერი უნდა დავივიწყოთ და ¼-ფინალში, ვინც არ უნდა იყოს ჩვენი მეტოქე, გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ", - ამბობს ფეხბურთელი.


ნიდერლანდელები თამაშის შემდეგ იტყვიან რომ იმედგაცრუებულები არიან. ალბათ, უფრო იმ გამოუყენებელი შასებით, რომლებიც თუნდაც კენეტ ტეილორს ჰქონდა, რომელმაც მსაჯის მიერ, პირველი ტაიმისთვის კომპენსირებულ დროში, მაინც გაგვიტანა. შესვენებაზე გუნდები ზავით, 1-1 გავიდნენ.  მეორე ტაიმშიც, სურათი დიდად არ შეცვლილა. დომინანტი კვლავ ნიდერლანდები იყვნენ, თუმცა, საგოლე მომენტების შესაქმნელად, უკვე ჩვენები აღარ აძლევდნენ შანსს. ბევრი არა, მაგრამ რიგ მომენტებში, დასკვნით ფაზაში, პირადად მე, მინდორზე „მაკლდებოდა" ფეხბურთელი და ბურთი ცარიელ სივრცეში იკარგებოდა. ეს ალბათ, ანალიზის და სწორი დასკვნების გამოსატანი თემაა.




„საერთო ჯამში, ვიმსახურებდით ¼-ფინალში გასვლას. ურთულესი საქმეა ასეთ ჯგუფში პირველი ადგილით გახვიდე. შედეგი ლოგიკურია, ჩვენ ეს დავიმსახურეთ. ძალიან ლამაზი ისტორია დავწერეთ, თუმცა არასდროს ვიხედებით უკან. ნებისმიერ მეტოქესთან გამარჯვებაზე ვითამაშებთ. ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრა ოცნებაა და ყველაფერს გავაკეთებთ ამ საგზურის მოსაპოვებლად. ამ თაობასთან თითქმის 5 წელია მუშაობ. ძალიან დიდი მოცულობის სამუშაო ჩატარდა, რომელიც ძალიან ბევრ ასპექტს მოიცავდა. ახლა სწორედ ამ შრომის შედეგებს ვიმკით. მთავარი პრინციპი, რომლითაც 21-წლამდე და ასაკობრივ გუნდებში ვხელმძღვანელობთ, არის სამართლიანობა და ასე ვაპირებთ გაგრძელებას", - ამბობს სვანაძე.


ზურიკო და „მამარდა", თავის თავად და როდესაც გუნდი ახერხებს თამაშს, ვინმეს გამოყოფაც არაა მიზანშეწონილი, თუმცა, მაინც, პირველი ტაიმიდან, პირადად მე თავი გიორგი გოჩოლეიშვილმა და გიორგი გაგუამ დამამახსოვრეს. მეორე ტაიმში, ცოტა უფრო მოუმატა ირაკლი აზაროვმა და შეცვლაზე შემოსულმა გიორგი გულიაშვილმა. შეჯამების სახით რომ იყოს, ჯგუფური ეტაპი სტაბილურად ჩაატარა საბა საზონოვმა და საერთო ჯამში, მთლიანად გუნდმა თამაშის ხასიათიდან, ინტენსიობიდან, „პირველი"-სა და „სახლი"-ს გამო მთელი რიგი ფსიქოლოგიური ფაქტორებიდან გამომდინარე დავალებას თავი კარგად გაართვეს.


საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 1/4 ფინალშია და ამ შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში, პირველად დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში, ჩვენ, საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე წარვდგებით საფეხბურთო ნაკრებით.  


მატჩის შემდგომი კომენტარები:

რამაზ სვანაძე ზურიკო დავითაშვილი