მიუხედავად იმისა, რომ თბილისისათვის დღე ახლა თენდება, „დინამო არენაზე" მატჩისწინა დღით გათვალისწინებული პროტოკოლური დღე უკვე დასასრულს უახლოვდება. დილის 11 საათიდან, აქ ჯერ საქართველოს 21-წლამდეთა, შემდეგ კი, ნიდერლანდების ნაკრებების პრეს-კონფერენციები გაიმართა. ახლა, მხოლოდ 19:00 საათზე საგურამოში, „ლოკომოტივის" ბაზაზე დარჩა ვარჯიში, რომლის შემდეგაც საქართველოს 21-წლამდეთა ნაკრები უეფა-ს 21-წლამდეთა ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრისთვის მორალურად მოემზადება. მორალურად, მენტალურად და რაც მთავარია იმ სათამაშო დისციპლინით მოედანზე გამოსასვლელად, რომელიც ისტორიაში პირველად, რამაზ სვანაძის გუნდს, საშუალებას მისცემს ჯგუფური ეტაპი დაძლიოს, დაძლიოს პირველი ადგილით და მიუახლოვდეს კიდევ ერთი ნაბიჯით, ქართული ფეხბურთის ისტორიის კიდევ ერთ საწყისს გვერდს - ოლიმპიური თამაშების საგზურს, რომელსაც საქართველოს 21-წლამდეთ ნაკრები მას შემდეგ მოიპოვებს, რაც 1/2 გავა. ამისთვის კი, სვანაძის გუნდს, ხვალ გამარჯვება, შემდეგ კი, 1/4 ფინალის მოგება სჭირდება.
„დაგვრჩა ერთი თამაში, მაგრამ ყველაზე რთული ნაბიჯი იმ ოცნებამდე, რასაც ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფში თამაში ჰქვია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ. ჩვენ ყოველთვის მაქსიმუმი გვინდა, მაგრამ ახლა სერიოზული შანის გაგვიჩნდა და ვეცდებით გამოვიყენოთ", - ამბობს რამაზ სვანაძე და ამაში ფეხბურთელებთან ერთად ტრიბუნების დახმარებასაც ითხოვს. სხვათა შორის, დღეს, „დინამო არენაზე" ყოფნისას გაჟღერდა ვერსია, რომ ჯგუფის მოგების შემთხვევაში, გამომდინარე გულშემატკივართა ინტერესიდან და სურვილიდან დაესწრონ თამაშს, 1/4 ფინალური შეხვედრა „მიხეილ მესხის" სტადიონის ნაცვლად, „დინამო არენაზე" გაიმართოს. ყოველ შემთხვევაში, ბელგიასთან რეკორდულმა მაყურებელმა, უეფა ამის შესახებ დააფიქრა.
მანამდე კი, სვანაძის გუნდს, „ურთულეს ჯგუფში", სადაც, რა დასამალია და ყველა გუნდს, პორტუგალიას, ბელგიასა და ნიდერლანდებს სწორედ, საქართველოს ნაკრებთან ჰქონდათ დაგეგმილი 3-3 ქულა მაქსიმალური კონცენტრაცია და მობილიზება ჰმართებს.
„ეჭვები არ მაქვს ხვალინდელი მატჩის შემადგენლობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, სასტარტო თერთმეტეულში ყველა მოთამაშე მზად იქნება. რთული შეხვედრა გველის, რადგანაც საქართველო ძლიერი ნაკრებია, რომელსაც ქომაგები მხარს უმაგრებენ. სავსე სტადიონზე საკმაოდ რთული იქნება ფეხბურთელებისთვის ხმის მიწვდენა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ხვალინდელ კომუნიკაციის მხრივაც სირთულე გველის. ამ ტურნირზე ხვალ ჩვენთვის პირველი მატჩი იქნება, რომელსაც სავსე ტრიბუნების წინაშე ვითამაშებთ", - ამბობს ჰოლანდიელთა ნაკრების თავკაცი ერვინ ვან დერ ლოი.
სავსე ტრიბუნებთან ერთად, ხვალ „დინამო არენაზე" ამინდით „ჩვენი" იქნება. თბილისში როგორც იქნა გამოიდარა და ჰოლანდიელებისთვის სასურველი წვიმიანი ამინდი, ჩვენმა სიცხემ შეცვალა. ეს წესით, სტუმარი გუნდისთვის კიდევ ერთი სირთულე უნდა იყოს. თუმცა, საქართველოს 21-წლამდეთა ნაკრების ხვალინდელი მეტოქე არც ხვალ აპირებს დომინანტურ ფეხბურთზე უარის თქმას და განსხვავებით თბილისში გამართული ორი მატჩიდან, მომენტების რეალიზებას. ამ მცირე დეტალების გამოუსწორებლად და 3 ქულის აღების გარეშე, ნიდერლანდელებმა იციან, რომ მარტივად, ჯგუფში ჩარჩებიან.
მათგან განსხვავებით, საქართველოს ნაკრებს, ჯგუფიდან გასასვლელად რამდენიმე ვარიანტი აქვს, თუმცა, არც რამაზ სვანაძე და არც მისი გუნდის წევრები არ ფიქრობენ სავსე ტრიბუნის წინ 3 ქულის გარდა, რაიმე სხვა შედეგისთვის მინდორზე გამოსასვლელად.
„ფსიქოლოგიური მდგომარეობის მხრივ ყველაფერი რიგზეა. ამ ურთულეს ჯგუფში ნებისმიერი თამაში ფინალის ტოლფასია. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, ხშირად გვეკითხებოდნენ, თუ რა იყო ჩვენი გუნდის მიზანი, რაზეც ვპასუხობდი, რომ თითოეულ თამაშზე სწორი შემართებით გასვლა იყო. რეალურად, ძალიან რთულია ამ ჯგუფში, ასეთი დონის მეტოქეებთან წინასწარ დაგეგმო ქულები. თუმცა, დღეს აქ ვართ და ორი ტურის შემდეგ ჯგუფს ვლიდერობთ. ამიტომ, ჩვენი სურვილია, ლოგიკურად დავასრულოთ ის ყველაფერი, რაც ჩვენი თამაშით დავიმსახურეთ.
ვთვლი, რომ ჩვენს ჯგუფში, სამივე მეტოქე უმაღლესი დონისაა. ხვალინდელი მეტოქის რიგებში, ძალიან გამოცდილი ფეხბურთელები არიან, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგაზე და მსოფლიო ჩემპიონატზე უთამაშიათ. ჩვენი მიზანი ორგანიზებული თამაშის ჩვენება იყო წინა შეხვედრებშიც და ხვალაც ასე იქნება. ვეცდებით, რომ შანსი გამოვიყენოთ თუმცა მთავარია, ჩვენი თამაში ვითამაშოთ. მოედანზე გასვლისას ფრეზე არ ვფიქრობთ. უბრალოდ, მეტოქის ძალის და კლასის გათვალისწინებით, ვეცდებით, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ პოტენციური ხიფათი ჩვენ კართან. ამავე დროს, ვეცდებით, რომ გამოვიყენოთ ჩვენი შანსები. თანამედროვე ფეხბურთში, განსაკუთრებით ასეთ მეტოქეებთან, რთულია პროგნოზის გაკეთება, თუმცა, იმიტომ ვართ აქამდე მოსული, რადგან არავისი გვეშინია და ყველასთან თანაბრად გვსურს თამაში", - ამბობს სვანაძე.
რა სტილით აპირებს თამაშს სვანაძის გუნდი ხვალ, ჩვენი გადასახედიდან ფიზიკურად ყველაზე ტანმაღალ და ძლიერ მეტოქესთან, დღეს, ქართველთა მწვრთნელს არ უსაუბრია. მოკლედ გაიხსენა ბოლო მატჩში დაშვებული შეცდომები და აღნიშნა, რომ გაუშვეს ისეთი გოლი, განსაკუთრებით პირველი, რაც არ უნდა გაეშვათ. ამ მხრივ, თამაშიდან თამაშამდე რამაზ სვანაძის გუნდი იზრდება, იზრდება გულშემატკივარი და საერთო ჯამში ქართული ფეხბურთიც. სვანაძე, ბელგიასთან მატჩის ტროს ტრავმირებულ ნიკა გაგნიძეზეც ისაუბრა.
„რაც შეეხება გაგნიძის ტრავმას, კარგი არის რომ გადაურჩა სერიოზულ დაზიანებას და საოპერაციო არ არის, მაგრამ ერთთვიანი რეაბილიტაციის გავლა მოუწევს. მიუხედავად იმისა, რომ ევროზე ვეღარ დაგვეხმარება მინდორზე, ის ჩვენთან რჩება, რადგან ნიკა გაგნიძე არის ნაკრების გული მინდორზე და მის გარეთაც. ეს არის პიროვნება, რომელმაც სარფიან კონტრაქტზე თქვა უარი, რადგან არ ჰქონდა სათამაშო პრაქტიკა და დაბრუნდა მშობლიურ კლუბში, „დილაში", რათა ევროპის ჩემპიონატზე ფორმაში ყოფილიო", - ამბობს სვანაძე.
და კიდევ, ჩემპიონატის მჭიდრო გრაფიკზე, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ყველა გუნდის სალაპარაკო თემაა, თუმცა, ამ მოცემულობას ვერსად გავექცევით - „ძალიან დამღლელ გრაფიკის, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური კუთხით". მიუხედავად ამისა, სვანაძე და მისი გუნდი თვლიან, რომ საქართველოს 21-წლამდეთა ნაკრებს აქვს ძალიან დიდი შანსი და არის ერთ ნაბიჯში ვართ პლეი-ოფთან. „ამიტომ, ვალდებულები ვართ, ეს დაღლილობა დავივიწყოთ და ვიფიქროთ მხოლოდ წარმატებაზე"-ო ამბოს სვანაძე.
შეგახსენებთ, რომ ხვალ „დინამო არენაზე" უეფა-ს 21-წლამდეთა ჩემპიონატის ბოლო ჯგუფური შეხვედრა ნიდერლანდებსა და საქართველოს ნაკრებებს შორის 20:00 დაიწყება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თამაშზე დასასწრები ბილეთები, თითქმის აღარ დარჩა.