25 ივნისს, ულანბატორში დასრულდა IJF-ის მსოფლიო ტურნეს ფარგლებში მორიგი გრან სლემი, რომელშიც საქართველო მხოლოდ 3 ძიუდოისტით იყო წარმოდგენილი და ტატამზე ტურნირის ბოლო დღეს გამოვიდნენ. ქართველების სათვალავში მხოლოდ ერთი, ვერცხლის მედალია.
+100 კგ წონით კატეგორიაში საბა ინანეიშვილის მედლის მოგების შანსი რეპეშაჟიდან ჰქონდა, თუმცა, ქართველი ყაზახ ადილ ორაზბაიევთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
ორი სპორტსმენით ვიყავით წარმოდგენილები -100კგ წონით კატეგორიაში. რეპეშაჟიდან, ბრინჯაოს მედლისთვის ონისე სანებლიძე იბრძოდა, თუმცა, ქართველი პოლონელ პიოტრ კუჩერასთან დამარცხდა.
ამავე წონაში ვერცხლის მედალი მოიგო ვარლამ ლიპარტელიანმა. ქართველმა 1/2 ფინალში იაპონიის წარმომადგენელი ვოლფ აარონი ავასეტე იპონით დაამარცხა, თუმცა ფინალში, დამატებით დროში იპონით დამარცხდა ტურნირის მასპინძელ გონჩიგსურენ ბატხუიაგთან.
IJF-ის კალენდარში ახლა შესვენებაა და მორიგი შეჯიბრი მხოლოდ, აგვისტოში იგეგმება. 4-6 აგვისტოს ბუდაპეშტი უნგრეთის მასტერსს უმასპინძლებს.
გაბრიელა საბაუს ფოტო