,,კრაკოვი-მალოპოლსკა 2023" სანდრო ბაზაძე ჩემპიონია!
,,კრაკოვი-მალოპოლსკა 2023" სანდრო ბაზაძე ჩემპიონია!
26.06.2023
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

მესამე ევროპულ თამაშებზე დღეს მედლების პირველი კომპლექტები გაითამაშეს მოფარიკავეებმა. ტაურონ არენაზე გაშლილ ბილიკებზე ვაჟებმა ხმლით იასპარეზეს, ხოლო გოგონებმა დაშნით.


დღევანდელი საშეჯიბრო დღე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დასრულდა: ვაჟთა შორის სანდრო ბაძაზემ გაიმარჯვა და მესამე ევროპული თამაშების ოქროს მედალი მოიგო! ეს სანდროს ზედიზედ მესამე ტრიუმფია კონტინენტურ ტურნირებზე: 2022 და 2023 წლებში მან მიჯრით მოიგო ევროპირველობები.,,კრაკოვი-მალოპოლსკა 2023-ზე", ხმლით მოფარიკავე ვაჟთა შორის ჯგუფურ ეტაპზე სამოცი სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოს ნაკრების ოთხმა წევრი. გოგონებს შორის დღეს მონაწილე არ გვყავდა.


სანდრომ მედლისკენ სვლა I ჯგუფიდან დაიწყო, სადაც ყველა, ექვსივე მეტოქე დაამარცხა: უნგრელი ტამაშ დეში, თურქი თოლგა ასლანი, პოლონელი ოლაფ სტასიაკი, ისლანდიელი გუნარ ეგილ აგუსტსონი, ჩეხი კრიშტოფ ცაცეკი და დიდი ბრიტანელი უილიამ დერი.


ფლეი ოფში სანდრო პირველ ნომრად იყო განთესილი და პირველ წრეში დაისვენა, 1/16-ფინალში კი იოლად დაამარცხა ბერძენი ანგელოს პაკგალოსი - 15-4. 1/8-ფინალში საქართველოს ნაკრების ლიდერი უნგრელ ანდრაშ შატმარის დაუპირისპირდა და კვლავ დამაჯერებლად მოიგო, 15-9, მეოთხედფინალში კი უკრაინელ ანდრეი იაგოდკას სძლია 15-11.


ნახევარფინალში სუპერდაპირისპირება ვიხილეთ, რადგან სანდროს მეტოქე ლონდონის, რიო დე ჟანეიროს და ტოკიოს ოლიმპიადების გამარჯვებული, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი არონ სილაგი გახლდათ.



ქართველმა მოფარიკავემ ურთულესი დაპირისპირება 15-13 მოიგო და ფინალში გავიდა, სადაც მასპინძელთა ფავორიტს, პოლონელ კრშიშტოფ კაცკოვსკის დაუპირისპირდა. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქემ ბევრი ეცადა, გამარჯვება მაინც ბაზაძეს დარჩა 15-13.


II ჯგუფში იასპარეზა სანდროს ძმამ ბექა ბაზაძემ, რომელმაც ექვსიდან ორი მეტოქე დაამარცხა - აზერბაიჯანელი აიხან ხასიევი და ისრაელის გუნდის წევრი დავიდ ფრუმგარცი, ხოლო გერმანელ ფრედერიკ კინდლერთან, უკრაინელ ოლექსი სტაცენკოსთან, არონ შილადისთან და ჩეხ მატიას ცაცეკთან დამარცხდა.ფლეი ოფის პირველ წრეში ბექა 37-ე ნომრად იყო განთესილი და ბულგარელ ტოდორ სტოიჩევს დაძაბულ ბრძოლაში აჯობა, 15-10, თუმცა 1/16-ფინალში გერმანელ ლორენც კემპთან 11-15 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.


III ჯგუფში იასპარეზა ვახტანგ არჩვაძემ. ახალგაზრდა მოფარიკავემ ბერძენი დიმიტრიოს კაფატარიდისი, აზერბაიჯანელი მურად აკბაროვი, თურქი ფურკან იამანი და ესპანელი ინაკი ბრავო დაამარცხა, იტალიელ ლუიჯი სამელესთან და რუმინელ რაზვან ურსაკისთან კი დამარცხდა. საბოლოოდ არჩვაძე მე-20 ნომრად მოხვდა ფლეი ოფში და 1/32-ფინალში დაისვენა. სამწუხაროდ, ვერც ის გაცდა 1/16-ფინალს - ძალიან დაძაბული ორთაბრძოლა რუმინელმა იულიან ტეოდოსიუმ თავის სასარგებლოდ დაასრულა, 15-13.


ჩვენი ოთხეულიდან ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია გოგა კაკაურიძემ. VI ჯგუფში მან მხოლოდ ბერძენ ანგელოს პაგკალოსს აჯობა, ბულგარელ ივან მანდოვთან, უკრაინელ ანდრეი იაგოდკასთან, ესპანელ სანტიაგო მადრიგალთან და ირლანდიელ მიხალის კირიმლიდისთან კი დამარცხდა.