ემოცია დათქმების გარეშე
ემოცია დათქმების გარეშე
25.06.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოსა და ბელგიის 21-წლამდეთა მატჩის შემდეგ, თამაშს და საერთოდ, საქართველოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატს შოთა არველაძე გამოეხმაურა.


„საოცარი დღეები გვაქვს თბილისში და ძალიან მაგარ ტურნირს ვმასპინძლობთ, მთელი საქართველოს მასშტაბით. ნაკრების თამაშს ზურგს გულშემატკივრის დიდი ემოცია უმაგრებს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ემოციის გაზიარებას, დათქმების გარეშე ქომაგობას და ფეხბურთით ცხოვრებას ვსწავლობთ. უნდა გვიხაროდეს ამ რეალობაში ყოფნა და კარგად გავაცნობიეროთ, რომ ეს სხვაგან კი არა, ჩვენთან, საკუთარ ქალაქში და ქვეყანაში ხდება.


ამ რანგის ტურნირს პირველად ვმასპინძლობთ და უკვე მეორე თამაშში, ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის ისტორიაში, დასწრების მხრივ საუკეთესო შედეგი ვაჩვენეთ. ტრიბუნაზე უამრავი მოზარდი და ბავშვი დადის, ამ თაობამ გულშემატკივარს ფეხბურთი თავიდან შეაყვარა.


წარმატებები რამაზ სვანაძის გუნდს!"  - წერს არველაძე სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ საქართველო, რუმინეთთან ერთად, უეფა-ს ევროპის 21-წლამდეთა ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს სამი ქალაქი, თბილისი, ბათუმი და ქუთასის, საწყის ეტაპზე ორი ჯგუფის მასპინძელია, მოგვიანებით თბილისსა (მიხეილ მესხზე) და ქუთაისში (რამაზ შენგელიაზე), 1/4 ფინალური შეხვედრები, ბათუმში კი, 1/2 ფინალი და ფინალური მატჩი გაიმართება.


მანამდე კი გუშინ, თბილისმა ევროპის 21-წლამდეთა ჩემპიონატების ისტორიაში, ერთ თამაშზე დასწრების რეკორდი დაამყარა. თბილისში, "დინამო არენაზე", საქართველოსა და ბელგიის შეხვედრა 41886 გულშემატკივარი დაესწრო!