საქართველოს 20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ბულგარული შეკრება დაასრულა, რომლის ფარგებშიც საერთაშორისო, ამხანაგურ ტურნირში მიიღო მონაწილეობა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა ქალაქ ბოტევგრადში 2 მატჩი გამართა, რომელთაგან ერთში იმარჯვა, ხოლო მეორეში დამატებით დროში დამარცხდა.
ქართველებმა 22 ივნისს იოლად - 86:66 მოუგეს ავსტრიას და ტურნირის პირველი ადგილისთვის მასპინძელ ბულგარეთს შეხვდნენ. მატჩის ძირითადმა 40-წუთეულმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. აღსანიშნავია, რომ თამაშის ძირითადი დროის დასრულებამდე 5 წუთით ადრე საქართველო 56:61 აგებდა, თუმცა ბოლომდე იბრძოლა და ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.
ძირითადი დრო 66:66 დასრულდა და დაინიშნა დამატებითი 5-წუთეული, რომელშიც მასპინძლებმა 3 ქულით - 78:75 გაიმარჯვეს. ჩვენს ნაკრებში გამორჩეულები იყვნენ გუგა ნაცვლიშვილი და სერგი ნინუა. ნაცვლიშვილმა 20 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა, ხოლო ნინუას ანგარიშზე 19 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა. 12 ქულა მიითვალა გიორგი სულაბერიძემ.
საქართველოს ნაკრებმა დაასრულა ბულგარული შეკრება და 24 ივნისს უნგრეთში გაემგზავრება, სადაც ამ ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებთან 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. ამ შეხვედრით საქართველოს ნაკრები დაასრულებს სპარინგ-მატჩებს და თბილისში დაბრუნდება, საიდანაც 5 ივნისს ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საასპარეზოდ ჩრდილოეთ მაკედონიაში გაემგზავრება,
დივიზიონში 20 ქვეყნის ნაკრებია თავმოყრილი, რომლებიც 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი. თითოეული გუნდის მიზანი საპრიზო ადგილების დაკავებაა, რადგან ელიტარული, A დივიზიონის საგზურს 3 საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს. საქართველოს ნაკრები C ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები კოსოვო, შვედეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი იქნებიან.
საქართველოს ნაკრების კალენდარი ასე გამოიყურება:
VS უკრაინა, 7 ივლისი
VS კოსოვო, 8 ივლისი
VS შვედეთი, 11 ივლისი
VS აზერბაიჯანი, 12 ივლისი