მესამე ევროპული თამაშების მესამე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებიდან პირველად ტყვიის მსროლელი ვაჟები ვიხილეთ. ლევან ქადაგიძის, აკაკი მოსულიშვილის და ცოტნე მაჭავარიანის სამეულმა პნევმატური პისტოლეტით (10მ) გუნდურ პირველობაში იასპარეზა და IV ადგილი დაიკავა.
ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ჩვენი სამეული იტალიასთან 7-17 დამარცხდა. თორმეტი სერიიდან საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ 3 მოიგო, 1 ფრედ დასრულდა, 8 კი იტალიელთა გამარჯვებით.
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება ქართველებმა ორ საკვალიფიკაციო წრეში მოიპოვეს, როცა 577 ქულა მოაგროვეს, მესამე შედეგი დააფიქსირეს და ოთხ მოწინავე ნაკრებს შორის მოხვდნენ. ჩვენები მხოლოდ თურქეთს (582) და გერმანიას (577) ჩამორჩნენ. ცოტნე მაჭავარიანმა და აკაკი მოსულიშვილმა ნაკრებს თითომ 193 ქულა მოუტანა, ლევან ქადაგიძემ 191.
მესამე ევროპული თამაშების გამარჯვებული კი გერმანია გახდა, რომელმაც ფინალში 16-14 აჯობა თურქეთს.