სადებიუტო ჩემპიონატზე, როგორ ჩანს, მოგებული სასტარტო მატჩის შემდეგ, რამაზ სვანაძის გუნდი, ბელგიელებთან შეხვედრისას მაინც ემოციურ ფონზე გამოვიდა და მინდორზე ტექნიკური პორტუგალიელების ნაცვლად, გუნდურად ორგანიზებული და ფიზიკურად ძლიერი ბელგიის ნაკრები დახვდათ. ალბათ, არ მიწყენენ ჩვენი 21-წლამდები, თუ ვიტყვი, რომ შეცდომებს, რომლებიც მათ პირველ ტაიმში დაუშვეს, მწვრთნელები სათამაშო დისციპლინას ეძახიან, ამას ემატება ქართული „მენტალიტეტი", რაც წლებია ქართულ ფეხბურთს ცუდ საქმეს უკეთებდა და რომლის შეცვლასაც, ქართველი ფეხბურთელები, ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ ახერხებენ. დღევანდელი თამაში სწორედ ამის დემონსტრირება იყო, სტადიონზე, რომელზეც ევროპის 21-წლამდეთა ჩემპიონატების ისტორიაში პირველად, დასწრების რეკორდი მოიხსნა. საქართველოსა და ბელგიის 21-წლამდეთ თამაშს, 41886 გულშემატკივარი ესწრებოდა.
„მინდა აღვნიშნო, რომ 2 განსხვავებული ტაიმი იყო. პირველ ტაიმში, ყველაფერში დავიჩაგრეთ. ორთაბრძოლებში, ტაქტიკურში, იყო მღელვარება, 0-2 მერე ცოტა არეულები ვიყავით და კარგი იყო ასეთი ანგარიშით, რომ გავედით. გასახდელში ვილაპარაკეთ, რომ ხალხი ჩვენთვის მოვიდა, დიდი გარდატეხა შეიტანა, სტადიონზე მოვიდა. მეორე ტაიმში ეს ემოცია, გვინდოდა თამაშის მოსატრიალებლად. იყო მომენტები, შეგვეძლო მოგებაც, მაგრამ მძიმე პირველი ტაიმის შემდეგ ერთ ქულაც კარგია, მადლობა ყველას", - ამბობს თამაშის შემდეგ ანრი მექვაბიშვილი.
„დინამო არენაზე", ბელგიასთან მატჩი, რამაზ სვანაძემ, პორტუგალიასთან ჩატარებული შეხვედრისგან განსხვავებით ცვლილებებით დაიწყო და სასტარტო შემადგენლობაში გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გაგნიძე, ზურიკო დავითაშვილი და ირაკლი აზაროვი დააყენა. შეთამაშების ბრალი იყო, უბრალოდ ინერტულობის, პირველ ტაიმში ქართველთა გუნდს რიგ მომენტებში შეთამაშება აკლდა, სხვაში უშვებდა წვრილმან შეცდომებს, რომელიც მოწინააღმდეგეს ბურთის ფლობისა და ტერიტორიული უპირატესობის ფლობის საშუალებას აძლევდა. ფაქტია, რომ ამ არეულობას შეცდომა მოყვებოდა და მე-15 წუთზე, მაქსიმ დე კუიპერმა, ისე გადაგზავნა „მამარდას" კარში ბურთი, რომ მას ხელი არავინ შეუშალა. გოლმა კიდევ უფრო დააბნია, სვანაძის შეგირდები და იმატა შეცდომებმა. მომდევნო გოლამდე, იყო მამარდაშვილის კარგი თამაში, იყო ძელი და შემდეგ, მეორე გოლი 38-ე წუთზე, რომელიც სწორედ იმ რამაზანმა გაიტანა, რომელსაც ბელგიელები უკვე დიდი ყურადღებას აქცევენ და დიდ იმედებსაც უკავშირებენ. მოკლედ, ბელგიამ, პირველ ტაიმში მოახერხა იმის გაკეთება, რაც ჩვენმა გუნდმა პირველ ტაიმში პორტუგალიას გაუკეთა.
„თამაში ორ ნაწილად შემიძლია დავყო - პირველი ტაიმი იყო ნათელი მაგალითი, როდესაც არ ვართ დისციპლინირებული და ეს ეხება მთელს გუნდს, განსაკუთრებით მაღალი კლასის გუნდებთან, როგორიც თუნდაც ბელგია იყო. შემდეგ, მოვლენები ისე განვითარდა ისე, რომ მენტალურად სწორად მივუდექით და მივიღეთ საბოლო შედეგი. როგორც ემოციური ისე სატურნირო თვალსაზრისით საჭირო იყო. მადლობა ბიჭებს, არაა მარტივი ასეთ ჯგუფში იყო ლიდერი. ეს არის ჩვენთვის დიდი გამოცდილება, მხედველობაში მაქვს პირველი ტაიმი. ყველას არ ეხება, მაგრამ შედარებით გრანდებთან არ ვართ მიჩვეული ასეთ რეჟიმში თამაშს და ეს არის დიდი წნეხი. მადლობა ჩვენს არაჩვეულებრივ გულშემატკივარს, მთელს ქვეყანას. ყველა ნაბიჯზე ვგრძნობთ მათ მხარდაჭერას", - ამბობს რამაზ სვანაძე.
ფაქტია, რომ ქართველი 21-წლამდებიც და სამწვრთნელო შტაბიც, გრანდებთან თამაშებში, თამაშიდან თამაშამდე იზრდება. თუ პორტუგალიასთან მატჩამდე, საქართველოს ნაკრები ჯგუფის აუტსაიდერად ითვლებოდა, ბელგიასთან შეხვედრის შემდეგ, ის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე უკვე ანგარიშგასაწევი ძალა გახდა. მარტივი არ არის 0-2-დან თამაშის შემოტრიალება და რამაზ სვანაძის გუნდმა ეს მოახერხა. არა მხოლოდ, ორი გატანილი გოლი გვაქვს მხედველობაში, არამედ მთლიანად მეორე ტაიმი, რომელიც ქართველი ფეხბურთელების სრული დომინაციით ჩატარდა. განსაკუთრებით, ბოლო 15-20 წუთი.
„პირველი გაშვებული გოლის შემდეგ თამაშში დაბრუნება მოვახერხეთ, მაგრამ მეორე მაინც გავუშვით. ძალიან ეფექტიანი საქართველოს ნაკრები ვნახეთ, რომელმაც ორი მომენტიდან ორი გოლი გაიტანა, ჩვენ კი შანსები ვერ გამოვიყენეთ, თუმცა 5 გოლის გატანა შეგვეძლო", - იტყვის თამაშის შემდეგ ჯაკი მატეისენი, თუმცა, ვერ დავეთანხმებით, რადგან რომ არა ბელგიელთა მეკარის კარგი თამაში, ანგარიში უფრო მეტი იქნებოდა. ალბათ, ამ მომენტებს, ბელგიელთა თავკაცი, თამაშის ანალიზისას უფრო დააკვირდება. თუმცა, ახლა ამას არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს.
გიორგი წიტაიშვილმა და გიორგი გოჩოლეიშვილმა, რომლებიც მეორე ტაიმში, ნიკა გაგნიძესთან ერთად შემოვიდნენ, თამაშის ხასიათი აშკარად შეცვალეს. წიტაიშვილი, რომელმაც ფლანგი გამოაცოცხლა 51-ე წუთზე გოლის გატანა მოახერხა. აქ, ბელგიის ნაკრები ოდნავ შეეცადა ვითარების „დაჭერას", თუმცა, არაფერი გამოუვიდათ. შესაბამისად, ბელგიელთა მხრიდან იმატა უხეშობამ. თუმცა, ამ მხრივ, საქართველოს ნაკრებმა უფრო მეტი ყვითელი ბარათი მიიღო ხორვატ მსაჯთა ბრიგადისგან (5/3). ერთ ერთი ასეთი უხეშობისას კი ნიკა გაგნიძე დაშავდა და მისი შეცვლა გახდა საჭირო. გაგნიძის ტრავმის სირთულეზე პრეს-კონფერენციის შემდეგ სვანაძემ ვერაფერი თქვა და დიდი ალბათობით, ამის შესახებ, ხვალ, გამოკვლევების შემდეგ გახდება ცნობილი.
მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი იტყვის, რომ პორტუგალიასთან მოგებული პირველი მატჩის შემდეგ, მის გუნდს უბრალოდ არ ჰქონდა უფლება დღეს, „დინამო არენა" წაგებულს დაეტოვებინა. სწორედ, ასეთი მუხტით დამოძღვრა „სვანამ" გუნდი შესვენებაზე და ეს დავალება გუნდმა შეასრულა ბოლომდე იბრძოლა, რამაც შედეგი 87-ე წუთზე გააკეთა. გოლი, კვლავ შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელმა გაიტანა, გიორგი გულიაშვილმა. საქართველოს ნაკრებმა კი, ქულა გადაარჩინა და ახლა ჯგუფში, სადაც არავინ ელოდა 4 ქულით პირველ ადგილზეა.
საქართველოსა და ბელგიის ნაკრებების შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა (მატჩის სტატისტიკური მონაცემები).
ამ დღეს, მიხეილ მესხზე, ფრედ, 1-1 ითამაშეს პორტუგალიისა და ნიდერლანდების ნაკრებებმა, შესაბამისად, ჩვენს მომავალ მეტოქეს, 2 თამაშის შემდეგ 2 ქულა აქვს და ბელგიის ნაკრებთან ერთად 2-3 ადგილებს იყოფს. ბოლო ადგილზე არის პორტუგალია, რომელიც არა მხოლოდ ჯგუფის, არამედ, ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად იყო მიჩნეული და ის, ყველანაირად ეცდება, ბოლო შეხვედრაში ბელგიის დამარცხებას. ჩვენის მხრივ კი, ბოლო შეხვედრაში, ალბათ, ფრეც სახეიროა, თუმცა, გამოცდილება და დაკვირვება გვკარნახობს, რომ გუნდი, რომელიც მინდორზე მხოლოდ ქულისთვის გამოდის, ის აუცილებლად მარცხდება. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ სვანაძე და მისი სამწვრთნელო შტაბი მოახერხებენ, გუნდში სტაბილური, ცივი გონებით მიდგომის შენარჩუნებას ჯგუფის ბოლო მატჩისთვის, რომელმაც საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს, ისტორიულ ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული 1/4 ფინალის საგზური უნდა მოუტანოს.
და ბოლოს, აქვე შეგახსენებთ, რომ ჯგუფისა და მეოთხედფინალის დაძლევის შემთხვევაში, საქართველოს ფეხბურთელთა 21-წლამდე ნაკრები პარიზის 2024 ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საგზურის მფლობელი გახდება.