თორნიკე შენგელიამ სეზონი იტალიის ჩემპიონატის ვერცხლის მედლით დაასრულა
თორნიკე შენგელიამ სეზონი იტალიის ჩემპიონატის ვერცხლის მედლით დაასრულა
24.06.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

თორნიკე შენგელია იტალიის სერია A-ს ვერცხლის პრიზიორია. მისი "ვირტუს ბოლონია" ფინალური სერიის მე-7, გადამწყვეტ მატჩში 55-67 დამარცხდა მილანში, ოლიმპიასთან და შარშანდლის მსგავსად, ვერცლის მედალს დასჯერდა.

სეზონის ბოლო მატჩი ქართველმა ფორვარდმა კარგად ითამაშა. ის ბოლონიელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. შენგელიამ თამაში ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში დაიწყო და 32 წუთში 13 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 3 პასი მიითვალა. თორნიკემ 3-დან 2 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო. თოკოს სარგებლიანობის კოეფიციენტი 14-ს გაუტოლდა და ეს, სტუმართა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო, თუმცა, ამან ბოლონიელებს ვერ უშველა. საინტერესოა, რომ ვირტუსმა თამაშის პირველ მეოთხედში 9 ქულა ჩააგდო, მესამეში კი - მხოლოდ 5 (!).


მილანელთა უპირატესობა მთელი მატჩის განმავლობაში აშკარა იყო და მათ გადამწყვეტი თამაში სრულიად სამართლიანად მოიგეს. მასპინძელთა რიგებში საუკეთესო ლუიჯი დატომე გახლდათ 16 ქულით.