კარატისტი გოგიტა არქანიას მედლების კოლექციას 23 ივნისს, მესამე ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალი შეემატა. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა დღეს ქალაქბიელსკო-ბიალაში იასპარეზა და +84კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა.
ცნობისათვის, ეს არქანიას ზედიზედ მეორე ბრინჯაოს მედალია ევროპულ თამაშებზე.
გოგიტა არქანიამ (კუმიტე +84 კგ.) დაამარცხა ბოსნია ჰერცოგოვინელი, აზერბაიჯანელი და ესპანელი მეტოქეები და ნახევარფინალში A ჯგუფში მეორე ადგილზე გასულ თურქ ფათიჰ შენს დაუპირისპირდა. მეტოქესთან 1-5 დამარცხდა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებული სამეული სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა დააჯილდოვა.
ამავე დღეს, საქართველოს ოლიმპიური გუნდის წვერებმა კანოისტმა ზაზა ნადირაძემ ვერცხლის მედალი მოიგო.
23 ივნისს იასპარეზა ჩვენმა მედროშემ მშვილდოსანმა ციკო ფუტკარაძემ, რომელმაც მშვილდოსანთა პირადი პირველობის საკვალიფიკაციო სროლები 640 ქულით დაასრულა და 46 მონაწილეს შორის 27-ე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით ციკო 1/32-ფინალში მოხვდა და 27 ივნისს ისლანდიელ მარინ ანიტა ჰილმარსდოტირს დაუპირისპირდება. ციკო, მშვილდოსნობაში მესამე ევროპული თამაშების ერთადერთი ქართველი მონაწილეა.
მესამე ევროპულ თამაშებზე დღეს იასპარეზა კარატისტმა ხვიჩა კიპაროიძემ. B ჯგუფში, 84კგ წონით კატეგორიაში, პირველ შეხვედრაში ქართველი ნიდერლანდელ მეტოქესთან 1-3 დამარცხდა. მეორე ორთაბრძოლაში კიპაროიძე იტალიელთან, 2-10 დამარცხდა, ხოლო ჯგუფის დასკვნითი, მესამე პაექრობა უკრაინელ მეტოქესთან შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა, თუმცა, მსაჯების გადაწყვეტილებით გამარჯვება მეტოქეს მიენიჭა.
პოლონურ რინგზე გამოჩნდნენ ჩვენი მოკრივეებიც. გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა გურულმა (63,5კგ) პირველ წრეში ესპანელი ადრიან თიამ კრეუსი დაამარცხა და 25 ივნისს მეორე შეხვედრას გამართავს. ასევე წარმატებით იასპარეზა ესკერხან მადიევმა, რომელმაც პირველ შეხვედრაში ესპანელი მეტოქე დაამარცხა.
რაც შეეხება ტყვიის მსროლელებს დღეს შერეულ წყვილთა შორის იასპარეზეს ათმეტრიან დისტანციაზე (პნევმატური პისტოლეტი). სამწუხაროდ, შემდეგ ეტაპზე ვერცერთი წყვილი გავიდა.
საკვალიფიკაციო წრეში უკეთესი შედეგი ჰქონდათ მარიამ ფროდიაშვილსა და ლევან ქადაგიძეს, რომლებმაც 283-283 ქულა მოაგროვეს და ჯამში 566 ქულით 24-ე ადგილი დაიკავეს. მეორე ქართული წყვილი, ლიზი კილაძე და კაკო მოსულიშვილი, 561 ჯამური ქულით 26-ე ადგილზე გავიდნენ. მოსულიშვილმა 283 ქულას მოუყარა თავი, კილაძემ 277-ს.