,,კრაკოვი-მალოპოლსკა 2023“ - მესამე ევროპული თამაშები გაიხსნა!
,,კრაკოვი-მალოპოლსკა 2023“ - მესამე ევროპული თამაშები გაიხსნა!
22.06.2023
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი


21 ივნისს ოფიციალურად დაიწყო  III ევროპული თამაშები - ,,კრაკოვი-მალოპოლსკა 2023". ტურნირი 2 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება, რომლის მსვლელობისას 29 სახეობაში მედლების 253 კომპლექტი გათამაშდება. საქართველოდან სპორტის 16 სახეობაში იასპარეზებს 99 სპორტსმენი.


გახსნის საზეიმო ცერემონია კრაკოვში ჰენრიკ რეიმანის სახელობის სტადიონზე გაიმართა. სანახაობა რამდენიმე ნაწილად იყო დაყოფილი და როგორც მალოპოლსკის მხარის წარსულის მთავარ მოვლენებს, ასევე პოლონეთის ისტორიის გამორჩეულ მომენტებს აერთიანებდა. გულშემატკივრებმა ასევე იხილეს პოლონური ლეგენდების მცირე თეატრალიზებული წარმოდგენა და პოპულარული მუსიკოსების ნომრები.


ეფექტური შოუთი გაიხსენეს პოლონეთის ისტორიაში გამორჩეული ადამიანები.


ევროპის ოლიმპიური კომიტეტების დროშის აღმართვის შემდეგ, სპეციალურად ამ დღისთვის სტადიონზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე პოლონეთის სპორტის სუპერვარსკვლავები გაიხსენეს.


ღონისძიების მთავარი ნაწილი  აღლუმს დაეთმო. სხვებთან ერთად აღლუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა გუნდმაც. ჩვენი ნაკრების გუნდის მედროშეები იყვნენ მშვილდოსანი ციკო ფუტკარაძე და ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე.


გახსნის ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, საქართველოს კულტურის სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია, სეოკ-ის და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები.


ღონისძიების მიწურულს დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს მალოპოლსკას მხარის მარშალმა ვიტოლდ კოზლოვსკიმ, კრაკოვის მერმა იაცეკ მაიხროვსკიმ, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა და პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ. სტადიონის ეკრანზე აჩვენეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თომას ბახის მისალმება.


ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ სარბენ ბილიკზე ვეტერანმა სპორტსმენებმა შეაბიჯეს და თამაშების ცეცხლის ფიალაც დაანთეს.


ხატია ჯიჯეიშვილის ფოტოები