მეორე მატჩის დღის წინ, პრესკონფერეციის შემდეგ, ჯეკი ბევრი იარა. ხან სათადარიგო სკამთან მივიდა, ხან დასავლეთი სექტორის ერთ ადგილას დაჯდა, ხან მინდვრის მეორე ნახევარში, თითქმის იმავე ადგილას. ბელგიელთა თავკაცი, „დინამო არენაზე" რიგითი გულშემატკივრის სიმაღლიდან ცდილობდა წარმოედგინა თამაში, რომელშიც იცის, რომ საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან უწევს დაპირისპირება და ეს მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს, მხოლოდ მასპინძელ ქვეყანად აღიქვამდნენ.
„პირველი თამაშის შემდეგ თამაშში არაფრის შეცვლას ვგეგმავთ, იმის გარდა, რომ დაგვემატა სამი ფეხბურთელი. თვეზე მეტია ვემზადებით ამ თამაშისთვის და ამასთან ვნახეთ საქართველოს ნაკრების შესანიშნავი პერფორმანსი პორტუგალიის ნაკრებთან. ახლა უკვე უფრო ფრთხილად ვიქნებით, რადგან გავაცნობიერეთ, რომ ძალიან ძლიერ მეტოქესთან გვაქვს თამაში", - ამბობს ჯეკი მატეისენი ჩვენი შეკითხვის პასუხად.
ჩემპიონატის დაწყებამდე A ჯგუფში, სადაც საქართველოსა და ბელგიის ახალგაზრდულ ნაკრებებთან ერთად პორტუგალიისა და ნიდერლანდები ძლიერი გუნდებია, რა დასამალია და 3 ქულის გათვლას ყველა ჩვენს ნაკრებზე აკეთებდა. თუმცა, სასტარტო თამაშის შემდეგ, ეს განწყობა უფრო მინელდა და მოწინააღმდეგეებმაც, ჩემპიონატის მასპინძელ საქართველოს უფრო ფრთხილად, მოზომილად და ყურადღებით დაუწყეს ყურება.
„მთლიანობაში, გუნდს 3 მოთამაშე დაემატა. თუმცა, ეს ბევრს არაფერს ცვლის. ჩვენ ჩემპიონატისთვის დიდი ხანია ვემზადებით. მეც ვნახე, საქართველოსა და პორტუგალიის შეხვედრის ფრაგმენტები. დავინახე გუნდის ხასიათი. მარტივი არ არის, პორტუგალიასთან კარის „მშრალად" შენახვა", - ამბობს, შარლს დე კეტელაერი.
სხვათა შორის „მშრალად შენახულ" კარს, ოდნავ მოგვიანებით, მატეისენიც ახსენებს და იტყვის, რომ მოეწონა ქართველი მეკარე და სპეციალურად მოინიშნა მისი სახელი - ლუკა კუტალაძე. სხვათა შორის, ბელგიელთა თავკაცმა ლუკას გვარი უშეცდომოდ გამოთქვა. თუმცა, კვარაცხელიას წარმოთქმისგან თავი შეიკავა და მარტო ის თქვა, რომ:
„საქართველოს ნაკრებმა დაამტკიცა, რომ მათ ლიდერების (კვარაცხელიასა და მიქაუტაძის) და ტოპ ფეხბურთელების გარეშეც შეუძლია თამაში... ჩვენ არ ვუყურებთ სხვებს რა შანსები აქვთ ჯგუფში, რადგან მთლიანად, საკუთარ თამაშზე ვართ ორიენტირებულნი. ხვალ ვიცით, რომ ძლიერ მეტოქეს ვეთამაშებით და დადებითი შედეგის მიღწევა, რთული იქნება, მაგრამ ჯგუფიდან გასასვლელად აუცილებელი", - ამბობს ბელგიელთა მთავარი მწვრთნელი.
მოკლედ რომ შევაჯამოთ, ნიდერლანდებთან თამაშს შემდეგ, ბელგიური მედია არ მოერიდა საკუთარი გუნდის კრიტიკას და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ბელგიელებს „ოქროს თაობის" რესურსი ამ მომენტში მწირი აქვთ და შესაბამისად, 21-წლამდეთა ჩემპიონატზეც ეროვნული ნაკრებიდან დაბრუნებული სამი დე კეტელაერის, ოპენდასა და დე ვინტერის გარდა, ყურადღება ლარჯ რამაზანსა და რომეო ლავიაზეა მისაქცევი. ამ უკანასკნელმა, ინგლისის პრემიერ ლიგის დასრულებულ სეზონში, „საუთჰემპტონის შემადგენლობაში 28 შეხვედრა ჩაატარა კი ჩაატარა, თუმცა, თბილისში მომავალი გუნდის განაცხადში არ არის.
სწორედ ეს ფეხბურთელები ემზადებიან ხვალ, ბელგიელთა თავკაცის შეფასებით, ძალიან დინამიურ, კარგი სათამაშო გეგმის მქონე გუნდთან, რომელსაც კოზიდარ საკუთარი კედლები აქვთ და ამასთან, პორტუგალიასთან მოგებული თამაშის შემდეგ, ხვალ მინდორზე, „დინამო არენაზე" თბილისის დროით 20:00 უფრო თავდაჯერებული გამოვა...
ხვალამდე კი, დღეს, ბელგიის ახალგაზრდულმა ნაკრებმა, „დინამო არენაზე" კუთვნილი 1 საათი ივარჯიშა. მინდორზე გასვლამდე, გუნდი ერთად შეგროვდა და მხოლოდ, ამის შემდეგ გავიდა სავარჯიშოდ. მინდორზე შესვლისას, რამდენიმე შეეცადა მარჯვენა ფეხით შესულიყო, ამასთან ფეხზე სამჯერაც შეხტა და ისე გაემართა მინდვრის ცენტრისკენ.