იტალიის ჩემპიონს ფინალური სერიის მე-7, გადამწყვეტი მატჩი გამოავლენს
იტალიის ჩემპიონს ფინალური სერიის მე-7, გადამწყვეტი მატჩი გამოავლენს
23.06.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

იტალიის სერია A-ს ფინალურ სერიაში ანგარიში გათანაბრდა. თორნიკე შენგელიას ვირტუსმა ბოლონიაში მილანის ოლიმპიას უმასპინძლა და დამაჯერებელი სხვაობით, 85-66 დაამარცხა. ამით, ფინალურ სერიაში საქმე მე-7, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა, რომელიც 23 ივნისს, მილანში გაიმართება.


ქართველი ფორვარდი ერთ-ერთი საუკეთესო იყო და გამარჯვებაში ლომის წილიც დაიდო. შენგელია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 21 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 7-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.


ბოლონიელთა რიგებში მარკო ბელინელი (14 ქულა), დანიელ ჰეკეტი (13), აიზეა კორდინიერი (13) და მოჰამადუ ჟაიტე (11) გამოირჩნენ, ხოლო მილანელთაგან საუკეთესოები ნიკოლო მელი და იოჰანეს ვოიგტმანი იყვნენ 11-11 ქულით.