საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ბელგიასთან მატჩამდე ბოლო ვარჯიშს საგურამოში, დღეს საღამოს გამართავს. რამაზ სვანაძის გუნდი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მეორე ჯგუფური თამაშისთვის სრული შემადგენლობით ემზადება. ქართველთა გუნდში, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და „შემოსწრებულებმაც", ამ მცირე დროში ადაპტაცია და ძალების აღდგენა მოახერხეს. ასე, რომ ყველა ჯანმრთელადაა და თამაშისთვის მზად.
„სათამაშოდ მზად ვართ. ეიფორიის დრო არა გვაქვს ჩვენ ევროპის ჩემპიონატს ვთამაშობთ და ვალდებულები ვართ ყველა შეხვედრას მაქსიმალური კონცენტრაციით შევხვდეთ. ვიცით, რთული იქნება. ასეთ გრაფიკში თამაში ყოველთვის სირთულეებთანაა დაკავშირებული. თუმცა, გუნდში, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად მომზადებული შევხვდეთ ამ თამაშს. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება", - პასუხობს რამაზ სვანაძე TSFF.Ge-სთვის კითხვას.
ჩვენი გუნდის ხვალინდელ მოწინააღმდეგეს, ისევე, როგორც საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს, ეროვნულ ნაკრების ფეხბურთელები შეუერთდნენ. შესაბამისად, პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ, რამაზ სვანაძე და მისი სამწვრთნელო შტაბი, ბელგიელთა გუნდის ანალიზს, ხელახლა გეგმავდა. ჩვენს ბანაკში იციან, რომ ბელგიის ნაკრები დაბალანსებული, ტაქტიკურად გამართული და ინდივიდუალურად ძლიერი გუნდია. ეს არის გუნდი, რომელიც შეცდომას არ გპატიობს და ნიდერლანდებთან, მშრალი ანგარიშიც გახსნით შეხვედრაში, ბერზე არაფერზე მეტყველებს. სვანაძის გუნდს, ხვალინდელ მატჩში, მაქსიმალური სიფრთხილე და კონცენტრაცია ჰმართებს.
და კვლავ, „შემოსწრებულებს" რომ დავუბრუნდეთ, სვანაძემ, მატჩამდე ხვალინდელ „ლაინ-აფზე" არ ილაპარაკა, თუმცა, ერთი ცვლილება დააანონსა. ბელგიასთან მატჩში, რომელიც ხვალ, თბილისში, „დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება, საქართველოს ნაკრების კარს გიორგი მამარდაშვილი დაიწყებს. სვანაძე და მისი შტაბი, არჩევანს, იმ გარემოებით ხსნის, რომ "მამარდა" ნაკრების პირველი მეკარეა, რაც შეეხება კუტალაძეს, სვანაძემ ხაზი გაუსვა, რომ ლუკამ ევროპის ახალგაზრდულ ვიცე-ჩემპიონთან შეხვედრაში, ამოცანებს კარგად გაართვა თავი.