თამაშის დასრულების შემდეგ, პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მედიას ეტყვის, რომ დაუშვეს ის შეცდომები, რომლებიც არ უნდა დაეშვათ. თუმცა, მარცხით დაწყებული ევროპის 21-წლამდეთა ჩემპიონატის მიუხედავად, მისი გუნდი ტურნირის მოსაგებად კვლავ მზად არის.
ტურნირის და ჯგუფის ფავორიტებად შერაცხული (ქართველებს აღ გვიკვირს, რომ ჩვენი გუნდის მატჩამდე და მატჩის შემდგომ პრესკონფერენციებზე, ჩვენთან შედარებით მაღალ საფეხურზე მდგომი გუნდების თანხმლები მედია არ შემოდის) პორტუგალიის ნაკრები, შეიძლება ზედმეტად თავდაჯერებული გამოვიდა. მატჩის შემდეგ, არც კი დამალეს, რომ დღეს დაგეგმილი 3 ქულის იმედი ჰქონდათ. ამას გარდა, მატჩის წინა დღით გამართული პრესკონფერეციის დროს პირადად ჩვენ ეს ამოვიკითხეთ და კიდევ თავში ჩამეჭედა, რომ „ქართველებს ფიზიკურად ძლიერი, ჩვენ კი ტექნიკური ფეხბურთელები" გვყავსო. რა თქმა უნდა „ფიზიკაში", რომელიც ქართული გუნდების ერთ-ერთი სუსტი წერტილი იყო, ბოლო წლებში საგრძნობლად მოვუმატეთ, მაგრამ ამის ხარჯზე, ის ტექნიკურობა, რომელიც უბრალოდ გენში ზის, ქართველ ფეხბურთელებს არ დაუკარგავთ და თუკი, ოდესმე, მათ რამეზე ვსაყვედურობდით, ის იყო, რომ ხშირად გუნდურობას, სწორედ, ამ ტექნიკურობის ხარჯზე ინდივიდუალურს არჩევდნენ.
თუმცა, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის სასტარტო მატჩში, თბილისში, ნახევრად შევსებულ „დინამო არენაზე" რამაზ სვანაძის გუნდი, ყველა კომპონენტში მობილიზებული და მოტივირებული იყო.
„რთული თამაში იყო, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ, რომელიც ტიტულისთვის არის ჩამოსული. დარწმუნებული ვარ, მათი გეგმები არ შეიცვლება, თუმცა გეგმები და მიზნები ჩვენც გვაქვს. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს ჩვენი მაყურებლის და ქვეყნის წინაშე წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი", - ამბობს რამაზ სვანაძე, რომელმაც წინა დღით, მედიასთან ნათქვამი, წარმოეჩინა საკუთარი თავი და ფეხბურთი შეასრულა.
რა მოხდა რეალურად? პორტუგალიელები თვლიან, რომ გუნდმა ვერ აჩვენა ის ხარისხი, რასაც საკვალიფიკაციოს დროს იყო მიჩვეული. ამას, ალბათ ემატება ისიც, რომ რამდენიმე თვის წინ, მათ საქართველოს ნაკრების დამარცხება მოახერხეს 4-1 და ამიტომ, დღეს, მინდორზე მსუბუქად გამოვიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ნაკრებიდან დაბრუნებული ხუთეული „სვანას" „სკამზე" ჰყავდა, მოწინააღმდეგე გუნდის სამწვრთნელო შტაბმა, ისიც არ გათვალა, რომ ქართველთა გუნდში, ისედაც საკმაოდ ბევრი ცვლილება იყო და სხვა რომ არაფერი, მინდორზე იყვნენ გიორგი წიტაიშვილი, ანრი მექვაბიშვილი და საბა საზონოვი... ამ მოცემულობაში, ერთადერთი ფაქტორი რაც პორტუგალიელებმა გათვალეს, ის იყო, რომ საქართველო სახლში, სავსე ტრიბუნების წინ თამაშობდა.
ასეა თუ ისე, ამ ტრიბუნებმა სვანაძის გუნდს დიდი დახმარება გაუწიეს - ბიჭები მოაქციეს ტონუსში, რომელიც თამაშზეც გადმოვიდა. პირველ ტაიმში, პორტუგალიის ახალგაზრდულმა მოახერხა თამაშის გაკონტროლება და ბურთის ფლობას მიანიჭა უპირატესობა, თუმცა, ლუკა კუტალაძის კარის მიმართულებით თითქმის არ დაურტყამს. ქართველთაგან შეხვედრის ამ მონაკვეთში, განსაკუთრებით გიორგი მოისწრაფიშვილი და გიორგი წიტაიშვილი აქტიურობდნენ. ძირითადად სწორედ, წიტაიშვილის ფლანგი იყო დატვირთული და 37-ე წუთზეც, სწორედ მისი გადაცემით, გიორგი გაგუა გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ქართული გოლების ათვლა დაიწყო.
„მადლობა გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის. ვიცოდით, რა უნდა დაგვეპირისპირებინა მეტოქისთვის. მწვრთნელების სწორი ტაქტიკით და თამაშის დაგეგმვით, მივაღწიეთ სასურველ შედეგს. მადლობა ბიჭებს, მათ მაქსიმუმი გააკეთეს. ახლა კი, უნდა დავივიწყოთ დღევანდელი შეხვედრა და მომდევნო მატჩებზე უნდა ვიფიქროთ. გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა გუნდურობამ და ერთიანობამ. დიდი ხანია ერთად მოვდივართ, კარგი ურთიერთობა გვაქვს, რაც ძალიან მნიშვნელობაა", - ამბობს გიორგი გაგუა.
თამაშის შემდეგ, პორტუგალიელთა მწვრთნელი იტყვის, რომ პირველმა გოლმა გუნდი დააბნია. ამის შემდეგაც შეეძლოთ შემტევი და აგრესიული ყოფილიყვნენ, მაგრამ ასე არ მოხდა, მეორე გაშვებული გოლის შემდეგ, კი მისმა გუნდმა წონასწორობა დაკარგა.
მეორე გოლი საქართველოს ნაკრებმა, ტაიმის მიწურულს, სტანდარტულის შემდეგ გაიტანა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში საბა საზონოვმა ანგარიში ორამდე გაზარდა და ამ შეხვედრის საბოლოოს შედეგიც დააფიქსირა, 2-0.
მეორე ტაიმში ანგარიში არ შეცვლილა. თუ არ ჩათვლით, თამაშის სურათს, სადაც ქართველებს ცოტა უფრო მეტი შანსი ჰქონდათ ანგარიშის გაზრდის, იმ გარემოებას, რომ პორტუგალიამ თამაში 10 ფეხბურთელით დაასრულა და კიდევ იმას, რომ ლუკა გაგნიძისა და გიორგი მამარდაშვილის გარდა, „სვანა", შოტლანდიიდან დაბრუნებულებს - ირაკლი აზაროვს, ზურიკო დავითაშვილსა და გიორგი გოჩოლეიშვილს, სათამაშო დროს მისცა.
„დღეს გვაქვს სიხარულის საფუძველი, თუმცა ხვალიდან ყველაფერი თავიდან იწყება. ჯგუფში ორი თამაში გვაქვს დარჩენილი და ძალები, რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღვიდგინოთ. პორტუგალიასთან გამარჯვება სასიხარულოა, თუმცა არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ მხოლოდ ამ თამაშით იცხოვროს. ეს დასაწყისია და ვეცდებით, რომ მაქსიმალურად გავახაროთ გულშემატკივარი", - ამბობს რამაზ სვანაძე.
მომდევნო თამაშებში, ვის მიანიჭებს უპირატესობას სასტარტო შემადგენლობაში, ამ თემაზე, სვანაძემ ორაზროვნად ისაუბრა. თუმცა, ალბათ, უფრო კონკრეტულად 23 ივნისს, მორიგი თამაშის წინ, მორიგ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ილაპარაკებს.
უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 24 ივნისს, ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
დღეს კი, თბილისში, მიხეილ მესხზე, ჩვენი გუნდის მოწინააღმდეგეებმა ითამაშეს. ნიდერლანდებისა და ბელგიის ნაკრებების დაპირისპირება ფრედ, 0-0 დასრულდა. შესაბამისად, საქართველოს ნაკრები პირველი სათამაშო დღის შემდეგ 3 ქულით ჯგუფის ლიდერია.