ვილი სანიოლის გუნდმა გლაზგოში, შოტლანდიასთან 2-0 წააგო. გოლები ტაიმების სტარტზე გავიდა. პირველ ტაიმში, მე-6 წუთზე, მეორეში კი, დაწყებიდან 2 წუთში, 47-ე წუთზე. პირველ გოლამდე, ერთი წუთით ადრე, ქართველთა მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ძლიერი წვიმის გამო, მატჩის შეჩერებას ითხოვდა. თუმცა, მსაჯებმა შეხვედრა 20 წუთით, მხოლოდ, მას შემდეგ გააჩერეს, რაც მამარდაშვილის კარში გოლი გავიდა.
„ეს იყო სიტუაცია, რომელიც არავის სურდა. რამდენჯერმე გავედით და დავბრუნდით მოედანზე. დიდხანს ველოდით, ველოდით გადაწყვეტილებას და ეს, ნამდვილად არ იყო იოლი. მატჩის დაწყებისთანავე გახდა ცხადი, რომ რთული იქნებოდა ასეთ სიტუაციაში თამაში. ამაზე ორივე მწვრთნელი შევთანხმდით, თუმცა, მატჩი ჯერ შეწყდა, მერე განახლდა და რაც მოხდა, ყველამ ვნახეთ.
კარგია, რომ ამ სიტუაციაში, არც ერთი გუნდის მოთამაშემ ტრავმა არ მიიღო. მათ ხომ ბევრჯერ მოუწიათ თამაშში ჩართვა. რამდენჯერმე გახდნენ იძულებული, გახურებულიყვნენ. შესცივდათ, უჭმელებიც იყვნენ. გასაგებია, რომ პროფესიონალები არიან, მაგრამ რთული იყო. ამ ყველაფერმა მაინც იმოქმედა მათზე", - ამბობს ვილი სანიოლი, რომელმაც ევრო 2024-ის რიგით მესამე შესარჩევი მატჩში, 17 ივნისის სასტარტო შემადგენლობისგან განსხვავებით, მცირედი ცვლილებებით დაიწყო. დაასვენა ლოჩოშვილი, აზაროვი, ჩაკვეტაძე და გოჩოლეიშვილი. თუმცა, სხვაგვარადაც, რომ ყოფილიყო, ჩვენი აზრით არაფერი შეიცვლებოდა. გარდა იმისა, რომ საქართველოს ნაკრები უხვი ნალექის გამო, თითქმის 90-წუთიანი შესვენების შემდეგ, მინდორზე თუ აუზზე, ინერტული გამოვიდა, შოტლანდიელებმა მოახერხეს ის, რაც ლარნაკაში „ქეცბას" გუნდმა ვერ შეძლო - „კვარა" კარგად ჩაკეტეს. წინა თამაშის და სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელმა, რეალურად მეორე ტაიმის მიწურულს ოდნავ გამოაცოცხლა ჩვენი მიძინებული ყურადღება, თუმცა, ბოლოს, 11-მეტრიანის დარტყმისას, მაინც ნერვებმა უმტყუნა.
არ გაუმართლა, თან მინიმუმ ორჯერ გიორგი მიქაუტაძესაც, რომლის დარტყმულიც კარს აცდა. ერთი მომენტი, რომელიც ბოლო ორი თამაშია მხვდება - ჩვენი ფეხბურთელები, ალბათ არ მიწყენენ და უფრო, მწვრთნელისგან კარგი შეფასების მისაღებად, მაშინაც კი, როცა, დასარტყამი აქვთ, გადაცემის გაკეთებას არჩევენ, საბოლოოდ, მომენტი ცუდდება. ასე იყო დღესაც...
წუნი, ჩვენი გუნდის თამაშში იყო და ამ ფაქტს ვერ გავექცევით. თუმცა, კვლავ მეტეოროლოგიურ პირობებს, რომ დავუბრუნდეთ, მსგავსის საქართველოში მოხდენისას, თამაშსაც „ჩაშლიდნენ", გულშემატკივარსაც არ გაუწევდნენ ანგარიშს და კარგადაც დაგვსჯიდნენ. წვიმა წვიმად, თუმცა, ერთი პარალელი გამახსენდა, რამდენიმე წლის წინ, „ნომედსთან", „დინამო თბილისის" შეხვედრის წინა ღამით ცნობილი გახდა, რომ მასპინძლე კლუბში რამდენიმე მოთამაშეს, კოვიდი ჰქონდა. ჰქონდათ ეჭვი მეკარეზეც, თუმცა, მან ითამაშა და მხოლოდ შეხვედრის დასრულების შემდეგ, BBC-იმ „გახეთქა", რომ მეკარეს თამაშის მომენტშიც კოვიდი დაუდასტურდა... ის თამაში კი მოვიგეთ და შემდეგ ეტაპზეც გავიდა ქართული გუნდი, მაგრამ დასკვნები ახლა თქვენ გააკეთეთ, ეს რომ აქ მომხდარიყო, რა ამბავი ატყდებოდა...
ჰოდა ისევ თამაშს და უამინდობას დავუბრუნდეთ, რომელზეც ვილი სანიოლიმ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ვრცლად ისაუბრა: „მატჩის განახლებაზე გადაწყვეტილებას უეფა იღებდა. მწვრთნელი ვარ და მეც ყოველდღე ვიღებ გადაწყვეტილებას. ისიც მესმის, რომ ეს რთულია, მაგრამ ჩემი აზრით, ფეხბურთი მეტ პატივისცემას იმსახურებს", - ამბობს სანიოლი.
ასეა თუ ისე, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, წვიმის გარეშე თუ წვიმის დამსახურებით, უსახურად ითამაშა და შოტლანდიელებთან მე-5 დაპირისპირება წააგო. შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებები ერთმანეთს დღევანდელ მატჩამდე, 4-ჯერ იყვნენ შეხვედრილნი და ანგარიში საყაიმო, 2-2 იყო. გუნდებს საშინაო შეხვედრები ჰქონდათ მოგებული. თუკი, ეს ტრადიცია გრძელდება, შოტლანდიელებს, საქართველოში კარგი დღე არ დაადგებათ. მანამდე კი, საქართველოს ნაკრებმა, მიმდინარე შესარჩევში, პირველი მატჩი წააგო და ახლა 4 ქულით, დროებით, ვიდრე ესპანეთის ნაკრები ითამაშებს, კვლავ მეორე ადგილზეა, შოტლანდიის ნაკრების შემდეგ.
საქართველოს ნაკრები, ამ წუთებში აეროპორტისკენ მიემართება, საიდანაც, საქართველოში დღეს გამთენიისას დაბრუნდება.
მასალაში გამოყენებულია რატი შელეგიას ტექსტური და ფოტო მასალა. ასევე, ლაშა კუპრაშვილისა და Daily Mail-ის ფოტოები