საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, თავსხმა წვიმაში, „დინამო არენაზე" უეფა-ს 21-წლამდეთა ჩემპიონატის სადებიუტო თამაშის წინ პორტუგალიის წინააღმდეგ, ბოლოჯერ ივარჯიშა. რამაზ სვანაძის გუნდი, თუ არ ჩავთვლით იმ 5 ფეხბურთელს, რომლებიც ეროვნულ ნაკრებთან ერთად გლაზგოში არიან თავს კარგად გრძნობენ და საბრძოლველადაც მზად არიან. ამას გარდა, სვანაძე თვლის, რომ შოტლანდიიდან დაბრუნებულ ფეხბურთელებს, გამომდინარე იქიდან, რომ გუნდის დანარჩენ წევრებთან, სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში ერთად უხდებოდათ თამაში, შემოერთების შემდეგაც უცხო გარემო არ დახვდებათ და შესაბამისად, შეთამაშებაც არ გაუჭირდებათ. უფრო მეტიც, ისინი მოიტანენ იმ გამოცდილებას, რომელიც ამ ასაკის გუნდს სჭირდება. სხვათა შორის, ეროვნული ნაკრების გუნდში ყოფნის ფაქტის სარგებელზე პორტუგალიელთა მწვრთნელმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთი ფეხბურთელები გუნდში, ყოველთვის დადებითი ფაქტორია.
„თითქმის ორი კვირაა შეკრებაზე ვართ და ვფიქრობ საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გამოგვივიდა, პლუს კვიპროსთან თამაშით. მოწინააღმდეგეს რაც შეეხება, პორტუგალია ძალიან კარგი, ტექნიკური გუნდია, ერთ-ერთი ფავორიტია ამ ტურნირის, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმები, ჩვენი მიზნები, მასპინძლები ვართ და სახლში ვთამაშობთ - როგორც ტურნირის დებიუტანტის პრიზმიდან თუ შევხედავთ ამ ყველაფერს რა თქმა უნდა რთული იქნება, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვეძლევა ძალიან დიდი შანსი იმის, რომ წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი, წარმოვაჩინოთ საკუთარი ფეხბურთი", - ამბობს სვანაძე.
„ჩამოსასვლელების" თემა, რომ აქვე ამოვწუროთ, ალბათ, კვარაცხელია-მიქაუტაძის შესახებაც უნდა ვთქვათ. ჟურნალისტის შეკითხვაზე, იცოდა თუ არა 21-წლამდეთა მწვრთნელმა ფეხბურთელების გადაწყვეტილების შესახებ, სვანაძემ უპასუხა, რომ სოციალურ ქსელებში, გაკეთებულ განცხადებამდე, მას და ფეხბურთელებს შორის იყო კონსულტაცია.
„რა თქმა უნდა, „კვარა" და „ჟორჟი" ტოპ ფეხბურთელები არიან და ტოპ სეზონი ჰქონდათ და ვფიქრობ, კარგი შედეგი აჩვენეს ხალხს. თუმცა, მათი რთული გრაფიკიც გასათვალისწინებელია. ორივემ მთელი სეზონი თითქმის ყველა თამაში ითამაშა. რა თქმა უნდა, ყველას სურვილი იყო, რომ ჩვენთან ერთად ყოფილიყვნენ, მაგრამ მათი მდგომარეობაც უნდა გავიგოთ. ისინი საქართველოსთვის ძალიან მნიშნელოვანი ფეხბურთელები არიან. ასეთ დროს გასათვალისწინებელია ტრავმების საშიშროებაც. ჩვენ ბიჭების გადაწყვეტილება არ ვიცოდით, პასუხს ველოდებოდით და მას შემდეგ, რაც გავიგეთ გული დაგვწყდა. ისინი ჩვენს გვერდით არიან ასეც და ისეც, სხვანაირად დაგვეხმარებიან", - ამბობს ანრი მექვაბიშვილი, რომელიც რამაზ სვანაძესთან ერთად დღეს, მედიას შეხვდა.
კვარაცხელიასა და მიქაუტაძის გარეშე კი, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში, როგორც უკვე გითხარით პოზიტიური და საბრძოლო განწყობაა. ქართველ ფეხბურთელებს კარგად ახსოვთ, სულ ცოტა ხნის წინ პორტუგალიაში განცდილი მარცხი, თუმცა, იმედი აქვთ, რომ სახლში, საკუთარი მაყურებლის წინაშე მინდორზე მოსაგებად გავლენ.
„პორტუგალია არის ხარისხიანი ტექნიკური გუნდი, ერთ-ერთი ფავორიტია ჩვენს ჯგუფში. ჩვენც გვაქვს გეგმები, მიზნები და ყველაფერი უკავშირდება იმ ფაქტს, რომ მასპინძლები ვართ. ამას გარდა ვართ დებიუტანტები - ამ გადმოსახედიდან, რთული იქნება, მაგრამ გვაქვს შანსი, რომ წარმოვადგინოთ საკუთარი თავი", - ამბობს სვანაძე და მოგვიანებით, ამ კითხვას კვლავ უბრუნდება, „ნებისმიერი ასაკობრივი ნაკრები, განსაკუთრებით, თუ საქმე 21-წლამდებს ეხება, ბოლო წლების ლიდერია. კარგი, დაბალანსებული და ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგეა. გამორჩეულია ევროპაში თამაშის სტილითა და იდენტობით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგესთან და საერთოდ, ჯგუფთან გვაქვს საქმე, ვეცდებით ჩვენსას და მთავარი მიზანი იქნება, თამაშიდან თამაშამდე მზადება და თავისა და გუნდის ფილოსოფიის წარმოჩენა".
რამაზ სვანაძემ, გუნდის ხვალინდელ მატჩთან დაკავშირებული გეგმების დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა, აღნიშნა, რომ ხვალინდელ მატჩში, მისი გუნდისთვის თამაშის შინაარსი უფრო იქნება მთავარი და აქედან გამომდინარე ნებისმიერი დადებითი შედეგი მისაღები.
ტურნირი, კი, რომელსაც ქართველი ახალგაზრდები დიდი ხანია ელოდნენ, მათთვის ხვალ თბილისში, „დინამო არენაზე" თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.