საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი" უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2023-2024 წლების გათამაშებას ყაზახეთიდან იწყებს. დღეს, ქალაქ ნიონში, უეფას ჩემპიონთა ლიგის ახალი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და თბილისურ კლუბს, ყაზახეთის ჩემპიონი „ასტანა" დაიწყვილა.
„წილისყრის შედეგებით, კმაყოფილი ვიქნები, თუ დავძლევთ ამ ეტაპს. პირველი შეხედვით, ვიდრე არ გავეცნობით გუნდს, ვიცით რომ ისტორიულად კარგი გუნდია. ახლაც ჩემპიონია. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ჰყავს, როგორც ლეგიონერები, ასევე ადგილობრივები, გამოცდილი, წლოვანი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია", - ამბობს წილისყრის დასრულების შემდეგ, გიორგი ჭიაბრიშვილი.
ყაზახური კლუბი, 2009 წელს შეიქმნა და პირველი დღიდან მიზნად მხოლოდ წარმატება დაისახა. უეფა-ს ევრო ტურნირებზე კლუბი პირველად 2013 წელს გამოჩნდა. ამასთან, ყაზახური კლუბებიდან, „ასტანა" პირველია, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა და დამატებით ჯგუფში, „ბენფიკას", „გალათასარაის" და „ატლეტიკო მადრიდს" ქულებიც კი წაართვა.
რაც შეეხება „დინამო თბილისს", მორიგი ევროტურნირების წინ, კლუბი, კვლავ საკადრო პრობლემების წინაშეა. ყოველ შემთხვევაში, გულშემატკივარი, რამდენიმე პოზიციაზე, კლუბისგან გაძლიერებას ითხოვს. წილისყრის შემდეგ, გიორგი ჭიაბრიშვილი ამბობს რომ, რამდენიმე პოზიციაზე, ამ მიმართულებით მუშაობენ და იმედოვნებენ, რომ კონკრეტულ თამაშამდე ამ საკითხის მოგვარებას მოასწრებენ.
„გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა ვის შევხდებოდით, რადგან მიზანი მომდევნო ეტაპზე გასვლაა. ორი მატჩია ჩასატარებელი და იქ, მოედანზე უნდა გამოვავლინოთ გამარჯვებული. ვთვლი, რომ ორივე მატჩი, ძალიან საინტერესო იქნება და ალბათ, ერთ თამაშში, არაფერი გადაწყდება. „დინამო არენაზე", საპასუხო მატჩში, გულშემატკივრის დახმარება, ძალიან დაგვეხმარება", - ამბობს დავით სხირტლაძე, დინამოელთა კაპიტანი.
ორმატჩიან დუელში პირველი დაპირისპირება ყაზახეთის დედაქალაქში, „ასტანა არენაზე" 11/12 ივლისს შედგება. საპასუხო მატჩს კი, 18/19 ივლისს „დინამო არენა" უმასპინძლებს.
და ბოლოს, გაძლიერებული და ამჟამინდელი შემადგენლობით მიმდინარე თვის ბოლოს, „დინამო თბილისს" ისევე, როგორც ბათუმის „დინამოს", ქუთაისის „ტორპედოსა" და გორის „დილას" საქართველოს სუპერ თასის გათამაშებაში მოუწევთ ასპარეზობა, რომელიც ახალი ფორმატით ტარდება.