ორი ნაკრები, ერთ მთლიანი ჯაჭვის ორი რგოლი - თუ გვინდა მომავალი, ერთად უნდა ვიყოთ!
ორი ნაკრები, ერთ მთლიანი ჯაჭვის ორი რგოლი - თუ გვინდა მომავალი, ერთად უნდა ვიყოთ!
19.06.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ, გლაზგოში ჰემპდენ პარკზე, რომელიც შოტლანდიის ნაკრების საშინაო სტადიონია და 51866 გულშემატკივარს იტევს, სავარაუდოდ სავსე იქნება. კვიპროსისგან განსხვავებით, შოტლანდიაში, სანაკრებო ფეხბურთიც უფრო უყვართ. ამის თქმის საბაბს, თუნდაც, ლარნაკადან ჩარტერული რეისით გლაზგოში ჩაფრენილი საქართველოს ნაკრების დახვედრის ფოტომასალაც გვაძლევს, რომელიც ჩვენი ნაკრების ფოტოგრაფმა ლაშა კუპრაშვილმა გადაიღო.


სამწუხაროდ, ჩვენი ვებ-გვერდი ამჯერად, თან არ ახლავს ნაკრებს და ჩვენ, კვიპროსიდან უკან, თბილისში დაბრუნება მოგვიხდა, თუმცა,  აქაც არაა ნაკლები საქმე - ორ დღეში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი იწყება. „დინამო არენაზე" ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. თქვენ წარმოიდგინეთ, გადათხრილი წერეთლის გამზირი, სტადიონიდან „მაკ დონალდსის" ჩათვლითაც კი, წესრიგდება. თუმცა, გახსნითი თამაშის ონლაინ -ბილეთების საყიდლად, ვებ-გვერდზე შესულმა, აღმოვაჩინე, რომ თუ არ ვიაქტიურეთ, შესაძლოა პორტუგალიასთან მატჩზე, ბევრი სექტორი ცარიელი იყოს.



ალბათ, ქართველთა პასიურობის მიზეზი ისაა, რომ ახალგაზრდულში არ არიან ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე. თუმცა, ნაკრებში იქნება, ზურიკო დავითაშვილი, რომლის გატანილმა გოლმა, გიორგი მამარდაშვილის უმაგრესმა "სეივმა" მეორე ტაიმში, ლარნაკაში, 3 ქულა აგვაღებინა. ამ მომენტისთვის, ყოველ შემთხვევაში, ვიდრე ეროვნული ნაკრები და ჩვენ, TSFF.Ge ლარნაკას აეროპორტში დავემშვიდობებოდით ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მყოფ ახალგაზრდულის ფეხბურთელებს ზემოთხსენებული ორის გარდა, თბილისში, სვანაძის გუნდთან შემოერთებას გიორგი მამარდაშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ლუკა გაგნიძე, ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი გეგმავდნენ. ისინი, საქართველოს 21-წლამდეთა გუნდს, მეორე ჯგუფური თამაშისთვის შეუერთდებიან.





„კვარა" კვარად, მაგრამ ფეხბურთი გუნდური თამაშია და კარგი პარტნიორების გარეშე, მასაც გაუჭირდება. ჰოდა, ახლა სწორედ მისი პარტნიორების დროა და მათ ენერგიისთვის სავსე სტადიონი სჭირდებათ. ასე, რომ არ გადადოთ და შეიძინეთ, საქართველოს ნაკრების თამაშზე დასასწრები ბილეთები. ამ მომენტისთვის, ფოტოზეც ჩანს თუ რა რაოდენობის ბილეთია გაყიდული (ლურჯი ფერი ნიშნავს, რომ ადგილები, ჯერ ისევ ცარიელია) ქართული „ხასიათიდან" გამომდინარე გვინდა გვჯეროდეს, რომ თამაშის დღეს 21 ივნისს, 19:00 საათზე,  ყველა ბილეთი გაყიდული იქნება.



ფოტოში, სადაც ხვიჩა, თამაშის შემდეგ, ე.წ. შერეულ ზონაშია გადაღებული, კვიპროსელი სამედიცინო სასწრაფო დახმარების ექიმთან, რომელმაც მას ავტოგრაფი სთხოვა, ფოტოს გადაიღებს და ბოლოს ჰკითხავს, გვარი მითხარიო - იქ ყველას გაგვეცინა, ჩვენც და კვიპროსელებსაც, თუმცა, ქალბატონმა ახსნა, რომ წარმოშობით ქუთაისელი ბერძენია და კვიპროსზე 16 წელია ცხოვრობს. მას უბრალოდ იმ დღეს, საქართველოდან ჩასულ ფეხბურთელებთან უნდოდა შეხვდრა და მისთვის სულ ერთი იყო, იქ "კვარა" დახვდებოდა, "კაშო" თუ ლორია.

და ბოლოს, რა მნიშვნელობა აქვს სავსე სტადიონს? თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი მუხტი მოდიოდა ლარნაკას „აეკ არენაზე" 2000-მდე ქართველი ქომაგისგან, რომლებიც საგანგებოდ ამ თამაშისთვის კვიპროსის სხვადასხვა ქალაქებიდან, თამაშის დღეს, დილიდან ჩამოდიოდნენ ლარნაკაში, თან ისე, რომ არც იცოდნენ, მოახერხებდნენ თუ არა ბილეთების შეძენას.