ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა სანდრო ბაზაძემ ევროპის საუკეთესოს სახელი მეორედ მოიპოვა - ისევე როგორც შარშან 17 ივნისს, ახლაც ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
საქართველოს ნაკრების ლიდერმა პლოვდივში (ბულგარეთი) ოქროს მედლისთვის შეხვედრაში უნგრელი ანდრაშ სატმარი 15-11 დაამარცხა და საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.
აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძე გასული სეზონიდან დღემდე ზედიზედ მეთორმეტე პრესტიჟულ ტურნირზე (მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, გრან-პრი, მსოფლიო თასი) საუკეთესო სამეულშია.
ევროპის ზედიზედ მეორე ოქროს მედლამდე სანდრო ბაზაძემ ჯერ უკრაინელი იური ცაპი დაამარცხა (15-5), შემდეგ რუმინელი რაზვან ურსაჩი (15-10) და ფრანგი ბოლად აპიტი (15-7), ხოლო მისთვის ზედიზედ მეხუთე ნახევარფინალში თურქ ენვერ ილდირიმს 15-7 მოუგო.
ხმლით ფარიკაობაში მეცხრე ადგილით დაასრულა ევროპის ჩემპიონატი სანდროს ძმამ, ბექა ბაზაძემ.