საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დღეს, ლარნაკაში, აეკ-ის სტადიონზე თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი კვიპროსის ნაკრები დაამარცხა, 1-2. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის წინა გამართულ პრესკონფერენციაზე, ქეცბაიამ, არ დამალა, რომ მისი გუნდი ხვიჩა კვარაცხელიასათვის სივრცეების შეზღუდვას შეეცდებოდა, ფაქტია, რომ 90 წუთის მანძილზე, მისმა მასპინძელმა გუნდმა ეს ვერ მოახერხა.
„კარგი, საინტერესო მატჩი იყო ორივე გუნდის მხრიდან. მომენტებიც საკმაოდ შეიქმნა. ვფიქრობ, ფრე კარგი შედეგი იქნებოდა ორივე გუნდისთვის. წაგებას, არ ვიმსახურებდით. კარგად გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრების და მატჩის ბედი, სათადარიგო მოთამაშეებმა გადაწყვიტეს. წაგებული თამაშით კმაყოფილი როგორ ვიქნები, მაგრამ მეტს ვერაფერს მოვთხოვდი ჩემს ფეხბურთელებს. 5-6 ფეხბურთელი გვაკლდა, ამხელა დანაკლისის ანაზღაურება კი, ჩვენისთანა პატარა გუნდისთვის ძალიან რთულია... საწყენია, რომ ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს დადებითი შედეგის მისაღწევად და საბოლოოდ, ქულაც ვერ ავიღეთ", - ამბობს მატჩის დასრულების შემდეგ, მედიასთან შეხვედრისას თემურ ქეცბაია.
გამარჯვებით კმაყოფილი და თამაშით უკმაყოფილი იყო, მატჩის შემდგომ, მედიასთან შეხვედრისას ვილი სანიოლი. ახლა, ის შოტლანდიასთან მატჩამდე, ჩავლილ მატზე გუნდთან ერთად კიდევ ილაპარაკებს. ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვილის საქართველოს ნაკრებისთვის ყველა ქულა მნიშვნელოვანია.
„ჩვენ ძალიან ახალგაზრდული გუნდი გვყავს, უმეტესობას ჯერ კიდევ სასწავლი აქვს მაღალ დონეზე თამაში. როდესაც ფეხბურთელს ცვლიე, იმედი გაქვს, რომ ეს სასიკეთოდ აისახება თამაშის მიმდინარეობაზე. შეცვლაზე შესული მოთამაშეები კარგად ჩაერთნენ თამაშში და არამხოლოდ ანგარიშზე მოახდინეს დადებითი გავლენა. ისიც გამოჩნდა, რომ გუნდში ჯანსაღი გარემოა", - ამბობს სანიოლი და ამატებს, „მკითხეთ, დავაგვიანე თუ არა ცვლილებები. ყოველთვის შეიძლება ამაზე ლაპარაკი. არ დავმალავ, მე-60 წუთიდან უკვე ვფიქრობდით რამდენიმე მოთამაშის შეცვლაზე, მაგრამ პოზიტიური ცვლილებები დავინახეთ და გადავწყვიტეთ, ცოტა დრო კიდევ მიგვეცა მოედანზე მყოფი მოთამაშეებისთის. სწორი გადაწვეტილებების მიღება მნიშვნელოვანია სწორ დროს. და კარგია, რომ გაამართლა".
„გამართლებამდე", ქეცბაიას გუნდმა, კარგად დაიწყო და პირველი სახიფათო მომენტიც სწორედ, მამარდაშვილის კართან შეიქმნა, თუმცა, ქართველები ჯერ გიორგის, შემდეგ კი მცველების კარგი თამაშის წყალობით, გამოვძვერით. უკვე მომდევნო სახიფათო მომენტი ჩვენების იყო. რეალურად ვილის გუნდმა ნელ-ნელა მოახერხა თამაშის სადავეების ხელში აღება. მასპინძელთა კარის მიმართულებითაც ხან, ჩაკვეტაძე, ხან კვარაცხელია, ხანაც მიქაუტაძემ რამდენჯერმე დაარტყეს. თუმცა, უფრო კარის მიმართულებით, ვიდრე, კარის ჩარჩოში. აი, 31-ე წუთზე კი, ჟორჟმა მოახერხა კარი მასპინძელთა გადაცემის ჩაჭრა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა, აუღელვებლად გადააგზავნა ბურთი კარში. სანიოლის გუნდი დაწინაურდა, 9 წუთში, კი, ქართველთა კარში 11-მეტრიანი დაინიშნა. ბურთი VAR-ეც გადამოწმდა, თუმცა, პორტუგალიელი მსაჯის გადაწყვეტილება არ შეცვლილა. იოანის პიტასის დარტყმულის კუთხე „მამარდამ" გამოიცნო, საპირისპირო კარიდან ჩანდა, თითქოს, ბურთს ხელიც წაჰკრა, მაგრამ ფაქტია, რომ გოლი გავიდა და გუნდები შესვენებაზე ყაიმით გავიდნენ.
მეორე ტაიმში, თამაში თითქმის ანალოგიური სცენარით მიმდინარეობდა. „ქეცბას" გუნდს, ჰქონდა რეალური საგოლე მომენტები. ერთხელ ხარიხამ გვიხსნა, მეორედ, „მამარდამ" ნახტომში მისწვდა ბურთს და კუთხურზე მოიგერია. მომენტები გვგქონდა ჩვენც, თუმცა, გადამწყვეტ ფაზაში, სიზუსტე გვაკლდებოდა. უნდა ითქვას, რომ თამაში, საერთო ჯამში საინტერესო გამოვიდა. საქართველოს ნაკრებმა საჭირო 3 ქულა აიღო. ამის გაკეთება კი, შეცვლაზე შემოსული ზურიკო დავითაშვილის გოლის წყალობით მოახერხა.
„ცხადია, თვალს ვადევნებ ქართველ მოთამაშეებს და ვიცი, რა პოტენციალი აქვთ. ვიცი და მიხარია, რომ დიდი ხნის შემდეგ, გამოჩნდა ძალიან კარგი თაობა, რომელსაც დიდი მომავალი აქვს. იმას გარდა, რომ კვიპროსელებმა პირადად ნახეს მსოფლიო დონის მოთამაშე", - ამბობს ქეცბაია. მთელი თამაშის მანძილზე, კვიპროსელი ბავშვები, თუ არ ვცდები „ანორთოსისი" აკადემიის წევრები, ქართველთა 7-იანის ტრიბუნებთან სიახლოვისას მის გვარს სკანდირებდა, თუმცა ეს სხვა სტატიის თემაა, ისევე, როგორ ის გარემოება, რომ გადაჭარბების გარეშე, ქართველი ქომაგების სიმრავლით თუ ვიმსჯელებთ, ლარნაკაში, გემრიელი „საშინაო" თამაში გამოგვივიდა.