დღეს კვიპროსზე, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მორიგ შესარჩევ მატჩს გამართავს, ივნისის თვეში პირველს. ქართველთა გუნდში საბრძოლო განწყობაა და ამაზე გუშინ, მედიასთან შეხვედრისას ოთარ კიტეიშვილმაც ისაუბრა და შემდეგ, ფედერაციის გვერდზე გაკეთებული ფეხბურთელების კომენტარებიდანაც ჩანს. ალბათ, რთულია გუნდში, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონები და თასის მფლობელები, ასევე გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები არიან, საბრძოლო განწყობა არ იყოს.
„რთული პერიოდის შემდეგ ნაკრებში ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. ხშირად ვიღებდი ტრავმას სანაკრებო შეკრების წინ, რაც ძალიან დასანანი იყო ჩემთვის. მიხარია, რომ უკეთეს კონდიციაში ვარ. ბევრი თამაში ჩავატარე ტრავმის შემდეგ და კარგ ფორმაში ვარ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სანაკრებო თამაშებისთვის. მნიშვნელოვანია, როდესაც სეზონი წარმატებულია გუნდისთვის. შტურმთან ერთად თასი მოვიგე და ბევრი ფეხბურთელი გვყავს გუნდში, ვინც სეზონი წარმატებით ჩაატარა. ეს დადებით გავლენას ახდენს გუნდზე და უკეთეს ატმოსფეროს ქმნის", - ამბობს ოთარ კიტეიშვილი.
სხვათა შორის, გუშინ, ე.წ მატჩის დღე 1-ის დასრულების შემდეგ, მედიის ნაწილი საუბარში ვცდილობდით, ვილის განწყობა და აქედან გამომდინარე შემადგენლობა გამოგვეცნო. თუმცა, ის რომ თამაშს გიორგი მამარდაშვილი დაიწყებს და რის შესახებაც ვილიმ, პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა, დანარჩენი მარჩიელობის თემა გახდა.
„ხვალინდელი თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ და ჯგუფში გავიმყაროთ მდგომარეობა, საიდანაც გვექნება მეორე ადგილისთვის ბრძოლის შანსი. ახლა მხოლოდ კვიპროსთან თამაშზე ვფიქრობთ. მოსამზადებელი პერიოდი კარგად გამოვიყენეთ, ყველა ჯანმრთელადაა, ყველა მზად არის სათამაშოდ და ვფიქრობ საინტერესო მატჩი უნდა გამოვიდეს", - ამბობს გურამ კაშია, სფფ-ს ვებ-გვერდისთვის გაკეთებულ კომენტარში.
"მნიშვნელოვანი სეზონი იყო, ბევრი გოლი გავიტანე, ლიგა ერთში გადავედი მეცთან ერთად. ახლა ნაკრებში ვარ, რომ საქართველოს დავეხმარო და მოვიგოთ თამაშები," - ამბობს გიორგი მიქაუტაძე.
მიუხედავად იმისა, რომ აეკ-ი არენაზე, ანშლაგს არ მოელიან, საქართველოს ნაკრებს ლარნაკაში უხვად ეყოლება გულშემატკივარი. სტადიონზე, რომელიც 8054 ადგილს ითვლის, ქეცბას საყურებლად და საქართველოს ეროვნული ნაკრების საქომაგოდ, კვიპროსზე რამდენიმე დამატებითი რეისი დაინიშნა. ლარნაკაში არიან გიორგი ქინქალძე, მურთაზ შელია, გელა ინალიშვილი, „კვარას" ოჯახი.