მხოლოდ 3 ქულა, საქართველოს მოქმედი და ყოფილი მთავარი მწვრთნელების მიზანი
მხოლოდ 3 ქულა, საქართველოს მოქმედი და ყოფილი მთავარი მწვრთნელების მიზანი
16.06.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ის, რომ ხვალ, ლარნაკაში, „აეკ არენაზე", ორივე გუნდი მოსაგებად გამოდის გასაკვირი არაფერია. საქართველოს ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელისთვის 3 ქულის გარდა, სხვა ყველა შედეგი, კვიპროსზე დაგეგმილ უეფა-ს ევრო 2024 წლის საკვალიფიკაციო მატჩში მიუღებელი იქნება. ყოფილმა იცის, მშობლიური ქვეყნის ნაკრების ძალა და შეეცდება ყველანაირად სათანადო წინააღმდეგობის გაწევას. ადგილობრივ და ქართულ მედიასთან შეხვედრისას მშვიდი და თარჯიმნის როლში მოვლენილი თემურ ქეცბაია, ამბობს, რომ ჯგუფში, სადაც საქართვლოსა და კვიპროსის ნაკრებები ერთმანეთს გადაეყარნენ, ეს ორი ნაკრები აშკარად არ არის ფავორიტი. თუმცა, ორივე ახალგაზრდულია და საკუთარი თავის პოვნას ცდილობს. აქ, მოვლენებს, ოდნავ გადავუსწრებთ და ქეცბას პასუხებიდან ერთს მოვიშველიებ.


„საქართველოს ნაკრებს ბევრი ინდივიდუალურად კარგად მომზადებული მოთამაშე ჰყავს, ისეთები, ვისაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. ერთმანეთთან ახლოს უნდა ვიყოთ და არ მივცეთ  მათ ბევრი სივრცე. ვიმეორებ, ჩვენც კარგი გუნდი გვყავს და  იმედი გავაქვს, ხვალინდელ მატჩში ბიჭები მაქსიმუმს გააკეთებენ მოსაგებად", - ამბობს თემური.




საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ამასთან რამდენჯერმე სხვადასხვა კითხვის შეჯამებისას ერთ აზრს უტრიალებს, რომ საქართველოს დღევანდელ ნაკრებს აქვს შანსი ბოლოს და ბოლოს ქართველი ხალხის ოცნება აასრულოს.


„არ მგონია, სწორი იყოს დღეს იმაზე ლაპარაკი, რა სისტემით ვითამაშებთ ხვალ. მთავარია, რომ ვიცით მეტოქე გუნდი, ვიცით რა რთული თამაში გველის ხვალ და ისიც ვიცით, რომ საქართველოს ნაკრებს ერთერთი საუკეთესო ახალგაზრდა, პერსპექტიული, მსოფლიო დონის მოთამაშე ჰყავს. ყველანაირად ვეცდებით, არ მივცეთ სივრცე, რაც მას სახიფათო მომენტებისთვის სჭირდება. ვიმეორებ, საქართველოს ნაკრები მომავლის გუნდია, ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა და იმედია, რომ ხვალინდელი მატჩის შემდეგ უფრო უკეთეს შედეგს აჩვენებენ", -  ამბობს ქეცბაია, რომელი საკუთარი გუნდის ტაქტიკაზე ტრადიციულად არ საუბრობს, თუმცა, ადგილობრივი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, სადაც კონკრეტული ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ იყო დასმული შეკითხვა, „ქეცბა" იძახის, რომ ისინი ხვიჩასთვის სივრცეების შეზღუდვას შეეცდებიან.




სათამაშო ტაქტიკაზე ქართველ ჟურნალისტებსაც არ გვიკითხავს, თუმცა, კონკრეტულად ხვიჩასთან მიმართებაში, ჩვენმა ვებ-გვერდმა თემურ ქეცბაიას „კვარას" შეჩერების გეგმისა და უკვე აპრობირებული, ალტერნატიული გეგმის შესახებ მაინც ჰკითხა.


„გუნდში 25 ფეხბურთელია, მათ სრულად ვენდობი. მათ შორისაა გიორგი ჩაკვეტაძე. ითამაშებს თუ არა, ამას ხვალ იხილავთ. წილისყრის შემდეგ, თემურ ქეცბაიასთან ხანგრძლივი, სასიამოვნო საუბარი მქონდა. მას პირადად არ ვიცნობდი და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან საინტერესო ადამიანი გავიცანი. ბევრს ვერაფერს ვიტყვი კვიპროსის ტაქტიკასთან დაკავშირებით. ყოველთვის მაბედნიერებს, როდესაც მეტოქის მწვრთნელი ჩვენი გუნდის რომელიმე ფეხბურთელზე გამორჩეულად საუბრობს. ეს ნიშნავს, რომ მაღალი დონის მოთამაშეები გვყავს და ეს საამაყოა ჩემთვის. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვყავს სხვა მოთამაშეები. დარწმუნებული ვარ, თუ კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იქნება, აუცილებლად იპოვის გზას ჩვენი გუნდის წარმატებისთვის",  ამბობს ვილი სანიოლი.




შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ივნისის სანაკრებო ფანჯრის დროს დაგეგმილი ორი შეხვედრისთვის შეკრება ადრე დაიწყო. მიზეზი სანაკრებო ფეხბურთელებისთვის დასრულებული სეზონის იყო. ლარნაკაში, სანიოლი 10 დღიან შეკრებას დადებითად აფასებს. ხაზს უსვამს, რომ გუნდში ტრავმირებულები არ არიან და მზადების ხარისხით კმაყოფილია.


„თემურ ქეცბაია ქართველია და საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელია. მან კარგად იცის ქართველი ფეხბურთელების შესაძლებლობები და მისი გაკვირვება რთული იქნება. ხვალინდელ შეხვედრაში ჩვენი მიზანი გამარჯვებაა და 3 ქულის გარდა ნებისმიერი სხვა შედეგი იმედგაცრუებად ჩაითვლება", - ამბობს სანიოლი, რომელიც სწორედ ხანგრძლივი სეზონების შემდეგ რამდენიმე ფეხბურთელის კონდიციაზე საუბრობს.




„ლუკა ლოჩოშვილი ტრავმისა და შემდეგ სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო არ იყო ჩვენთან. გასულ წელს ის ყველა საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებოდა. დღეს, სწორედ იმიტომ არის ნაკრებში, რომ კარგ ფორმაშია, ბევრი მატჩი ჩაატარა და მზად არის მოახლოებული თამაშებისთვის. საბა საზონოვის და დავით ხოჭოლავას არ ყოფნამ სხვა მოთამაშეებს მისცა შანსი. ვფიქრობ, რომ გიორგი გველესიანმა ბოლო 6 თვის განმავლობაში მაღალ დონეზე ითამაშა და ჩავთვალე, რომ მის გამოსაძახებლად სწორი მომენტი იყო. მას აქვს შანსი, გვაჩვენოს საკუთარი შესაძლებლობები.


კვიპროსთან საქართველოს ნაკრებს კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს. ამის შემდეგ გადავწყვეტთ, თუ ვინ იქნება სასტარტოში შოტლანდიასთან. ახალგაზრდულ ნაკრებში წასვლა მისი პირადი გადაწყვეტილებაა და ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ მზად არის ეროვნული ნაკრების შემდეგ 21-წლამდე ნაკრებს დაეხმაროს. კმაყოფილი ვარ სამივე მეკარით, რომელიც ამ შეკრებაზე იმყოფება ჩვენთან ერთად", - ამბობს სანიოლი.


შეგახსენებთ, რომ ხვალ კვიპროსისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა თბილისის დროით, 22:45 საათზე დაიწყება.