საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი პარიზში, ელისეს სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა. მხარეებმა პარიზი-2024-ის სამზადისთან ერთად, განიხილეს საერთაშორისო შეჯიბრებებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების დაშვების საკითხი.
IOC-ის პრეზიდენტმა მაკრონს მადლობა გადაუხადა G7-ის სამიტზე სპორტის ავტონომიაზე გაკეთებული განცხადებებისთვის და საერთაშორისო სარბიელზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების IOC-ის რეკომენდაციების შესაბამისად დაშვებაზე. მხარეებმა დაადასტურეს, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების დაშვების გადაწყვეტილებას IOC "სათანადო დროს" მიიღებს.
ბახმა და მაკრონმა ასევე განიხილეს პარიზის თამაშებისთვის მზადება. მათ სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს პარიზი-2024-ს და მის პრეზიდენტ ტონი ესტანგეს, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას.
19 მაისს "დიდი შვიდეულის" ქვეყნების ლიდერებმა რუსი და ბელარუსი ათლეტების საერთაშორისო ასპარეზობებზე მონაწილეობა დასაშვებად მიიჩნიეს, მაგრამ არა როგორც თავიანთი ქვეყნების წარმომადგენლების რანგში.