საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ლარნაკაშია. ქართველთა გუნდის თვითმფრინავი, ლარნაკას აეროპორტში, კვიპროსის დროით 19:10 წუთზე დაეშვა და მოგვიანებით, Radisson Beach Hotel-ში დაბინავდა.
ვიდრე საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები უეფა-ს ევროპის 2024 წლის მორიგი საკვალიფიკაციო მატჩის ჩასატარებლად თვითმფრინავში ჯდებოდა, ქართული მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ, რამაზ სვანაძის გუნდთან ერთად, ვერც გიორგი მიქაუტაძე ითამაშებს. ხანგრძლივი და დამღლელი ჩემპიონატის შემდეგ, ორი სანაკრებო თამაშის შემდეგ, ჟორჟო „ტაიმ-აუტის" აღებას აპირებს. ამის შესახებ, ფეხბურთელმა, „კვარას" მსგავსად სოციალური ქსელით გააკეთა განცხადება.
„ბევრი გულშემატკივარი ელოდება ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს, რომელიც საქართველოში გაიმართება. ძალიან გამიხარდა, როდესაც ჩემი სახელი შემადგენლობაში ვნახე, ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო 21-წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელს და გულშემატკივარს.
მათი თანადგომა ძალიან მნიშვნელივანია. რთული საფეხბურთო სეზონის შემდეგ მინდა იცოდეს გულშემტკივარმა რომ ახლა სრულად მოახლოებულ სანაკრებო მატჩებზე ვფიქრობ და ასეთი დატვირთული რეჟიმის გამო მოახლებულ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თამაში რთული იქნება. წარმატებები საქართველოს, დარწმუნებული ვარ ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ საუკეთესო შედეგისთვის, მათ ამის კარგი გამოცდილება აქვთ", - წერს ჟორჟი.
ლარნაკაში კი, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩარტერული რეისით 25 ფეხბურთელის შემადგენლობით გაემგზავრა. ვილი სანიოლის გუნდი, 17 ივნისს, კვიპროსის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩამდე ერთი დღით ადრე, მედიისთვის პროტოკოლით გათვალისწინებულ ღია ვარჯიშს და პრეს-კონფერენციას გამართავს.
ხვალინდელი დღის განრიგი:
17:00 კვიპროსის ეროვნული ნაკრების / თემურ ქეცბაიას პრესკონფერენცია
17:30 კვიპროსის ეროვნული ნაკრების ვარჯიში.
18:30 საქართველოს ეროვნული ნაკრების / ვილი სანიოლის პრეს-კონფერენცია
19:00 საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიში
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა კვიპროსისა და შოტლანდიის ნაკრების მატჩებამდე.
მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი", ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია", ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი", აზერბაიჯანი)
დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი", ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი", ბაქო, აზერბაიჯანი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია", კრაკოვი, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე", კრემონა, იტალია), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი", თეირანი, ირანი), ლაშა დვალი („აპოელი", ნიქოზია, კვიპროსი), ჯიმი ტაბიძე („დინამო", თბილისი, საქართველო), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა", ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი", დონეცკი, უკრაინა)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი", პოზნანი, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი", გრაცი, ავსტრია), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო", ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო", ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი", აგრინიო, საბერძნეთი), ლუკა გაგნიძე („დინამო", მოსკოვი, რუსეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი", სტამბოლი, თურქეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი", ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო", საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („მეცი", საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი", ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე", გერმანია), გიორგი ქვილითაია („აპოელი", ნიქოზია, კვიპროსი).
და ბოლოს, ერთის შეხედვით, რაც მგზავრობისას საქართველოს ნაკრებს შევნიშნეთ, გუნდში, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელების დიდი ნაწილს გრძელი და დამღლელი ჩემპიონატები აქვს ჩასრულებული, საკმაოდ ამაღლებული და საბრძოლო განწყობაა. ამ განწყობის შესანარჩუნებლად კი, ვილის გუნდს, ქართველი ქომაგები შეუერთდებიან, რომლებიც საერთო ჯამში, 17 ივნისს სტადიონზე თამაშს, 100 კაცის რაოდენობით დაესწრებიან.
სათაო ფოტო სფფ / ლაშა კუპრაშვილი