სვანას გუნდში კვარა არ იქნება
სვანას გუნდში კვარა არ იქნება
15.06.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


ხვალ, რამაზ სვანაძე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობას დაასახელებ. თუმცა, მანამდე, უკვე ცნობილია, რომ ხვიჩა კვარაცხელია, უეფა-ს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ, ფეხბურთელმა განცხადება, რამდენიმე წუთის წინ, სოციალური ქსელით გაავრცელა.


„დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის გაფართოებული შემადგენლობის წევრი, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ, რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრზე თამაში. ამიტომ, მსურს გულშემატკივარმა ჩემგან იცოდეს ჩემი პოზიციის შესახებ. სურვილის მიუხედავად, რთული სეზონის შემდეგ სპორტული მიზეზების გამო, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად, ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები. ახლა სრულად კონცენტრირებული ვარ იმ თამაშებზე, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვიპროსისა და შოტლანდიის წინააღმდეგ ელოდება.


ყველას დიდი წარმატება მინდა ვუსურვო, ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ჩემ გუნდელებს, მთელ ნაკრებს, სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს", - წერს კვარაცხელია.


 



შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები რამდენიმე წუთში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჩარტერული რეისით, კვიპროსზე გაემგზავრება, სადაც, თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრებს 17 ივნისს დაუპირისპირდება.


ამ წუთებში, გასამგზავრებლად უკვე მზად არიან ქართული სპორტული მედიის წარმომადგენლები, 32 ფანი, რომლებსაც დაახლოებით 80 კაცი, უკვე ადგილზე შეუერთდება.


დაწვრილებით დაელოდეთ, ჩვენს ინფორმაციებს.