„ლანჩხუთი“ გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობს, ქუთაისმა კი ტესტ-მატჩს უმასპინძლა
„ლანჩხუთი“ გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობს, ქუთაისმა კი ტესტ-მატჩს უმასპინძლა
13.06.2023
ავტორი: სფფ / თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ქალთა ლიგის მე-11 ტური სამ კალენდარულ დღეზე გადანაწილდა. ტურის ბოლო შეხვედრა დღეს, 20:00 საათზე ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის რეაბილიტირებულ სტადიონზე ჩატარდა.

ტესტ-მატჩში, ქუთაისის „მართვე", თბილისის „ნორჩ დინამოს" დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა. გოლები კი, მეორე ტაიმში გავიდა. 66-ე წუთზე, ანა სინატაშვილმა გახსნა და მასპინძლები დააწინაურა. თბილისელებმა ქულის გადარჩენა შეხვედრის ბოლო წუთზე მოახერხეს. გოლი 90-ე წუთზე, ანი მინაძემ გაიტანა.


ტესტ-მატჩზე დასწრება თავისუფალი იყო და გულშემატკივარს შეხვედრაზე მოსახვედრად, ბილეთების აღება თამაშის დღეს, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის სალაროებში შეეძლოთ. აღსანიშნავია, რომ  ამ შეხვედრამდე ტური, საკმაოდ საინტერესოდ განვითარდა.


შაბათს, 10 ივნისს, თბილისში, სფფ-ს ორ საფეხბურთო ცენტრზე, სატურნირო ცხრილის ზედა ოთხეულში მყოფმა გუნდებმა პოზიციები გაიმყარეს. სფფ-ს ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრში, გათამაშების ყველაზე ახალგაზრდულმა გუნდმა, თბილისის „კვარტალმა", „ბათუმს" უმასპინძლა და 5-0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ანგარიში ამ მატჩში, მხოლოდ მეორე ტაიმში, 68-ე წუთზე, მარიამ ცისკარიშვილის გოლით გაიხსნა. ამის შემდეგ, დარჩენილ 22 წუთში კი, თბილისელებმა კიდევ ოთხი გოლი გაიტანეს. პირველი გოლის შემდეგ, ზუსტად ერთ წუთში, ნათია დანელიამ ანგარიში ორამდე გაზარდა. 78-ე, 87-ე და 90-ე წუთებზე კი, ირინა ჩხიკვაძემ ჰეთ-თრიქი შეასრულა.


სფფ-ს ვაკეს საფეხბურთო ცენტრში, სოხუმის „დინამომ", სატურნირო ცხრილის ლიდერს, „ლანჩხუთს" უმასპინძლა და 1-2 დამარცხდა.  ანგარიში, მე-16 წუთზე, გამოცდილმა ლელუ ჭიჭინაძემ გახსნა, თუმცა, ოთხ წუთში, სოხუმელებმა საკუთარ საჯარიმოში წესები დაარღვიეს, 11-მეტრიანი კი, ზუსტად შეასრულა თეონა ბაქრაძემ და ანგარიში გაათანაბრდა. გადამწყვეტი გოლი და 3 ქულა ამ შეხვედრაში კი, „ლანჩხუთს" ეთერ სულაშვილმა 53-ე წუთზე მოუტანა. გურულების გუნდმა 11 ტურის შემდეგ 31 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში, სოლიდური უპირატესობა მოიპოვა.


ამ ტურის შემდეგ, „ლანჩხუთს", 7 ქულით ჩამორჩება ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „სამეგრელო", რომელიც ამ ტურში, ხობში, „კოლხეთს" დაუზავდა. პაატა თათარიშვილის სახელობის სტადიონზე ანგარიში, სტუმრებმა, მე-16 წუთზე ელენე ჩიქოვანის გოლით გახსნეს, თუმცა, მასპინძლებმა, 32-ე წუთზე, სალომე თოდუას გოლით, ანგარიში გაათანაბრეს. გუნდები შესვენებაზე ყაიმით გავიდნენ. მეორე ტაიმში კვლავ ორი გოლი გავიდა, ამასთან ორივე 11-მეტრიანით. ჯერ, 55-ე წუთზე, „კოლხეთში", „სამეგრელოდან" გადაბარგებულმა თეონა თოდაძემ გაიყვანა მასპინძლები წინ, 82-ე წუთზე, კი ჩხოროწყუელთა ლეგიონერმა რუბი ვილეგასმა, „სამეგრელოს" ქულა გადაურჩინა. შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა.


ქალთა ლიგის მე-12 ტური 17 და 18 ივნისს არის დაგეგმილი.