საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ეროვნულმა ნაკრებმა სინგაპურში გამართულ მსოფლიოს სერიის მეორე ეტაპზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ტურნირის დასრულების შემდეგ, ქართული გუნდის სათვალავში 3 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალია, რის წყალობითაც, გუნდური პირველი ადგილიც ჩვენია.
ასპარეზობა, 10-11 ივნისს სინგაპურში გაიმართა. შეჯიბრი, ამავდროულად ქვიშის მეორე მსოფლიო თამაშების მეხუთე სალიცენზიო ტურნირი იყო.
ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ: ნიკა კენჭაძე (80 კგ), დავით ფირუზაშვილი (90 კგ) და მამუკა კორძაია (+90 კგ), ლევან ქელეხსაშვილმა კი, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (70 კგ).
ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო სერიის მესამე ეტაპს საფრანგეთი უმასპინძლებს. ასპარეზობა ნიცაში, 28-30 ივნისს გაიმართება.
5-12 აგვისტოს კი, ინდონეზიაში, ბალიში, მსოფლიოს ქვიშის მეორე თამაშებია დაგეგმილი. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის (ANOC) ეგიდით ორგანიზებულ შეჯიბრში, მონაწილეობას საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა და წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები გუნდებიც მიიღებენ.