თორნიკე შენგელიას ჩინებული თამაშის მიუხედავად, ვირტუსმა იტალიის სერა A-ს მეორე შეხვედრა ოლიმპი მილანთან მაინც წააგო. ასე იყო წინა მატჩშიც, როცა შენგელია თავისიანთაგან საუკეთესო იყო, თუმცა მას თანაგუნდელებმა სათანადოდ მხარი ვერ აუბეს და ბოლონიური გუნდი საჩემპიონო სერიაში 0:2 ჩამორჩა.
შეხვედრა დაძაბული აღმოჩნდა, ვირტუსმა პირველი მეოთხედი სამი ქულით მოიგო, მაგრამ დიდ შესვენებამდე მილანმა წინ გასვლა მოახერხა. მესამე მეოთხედი ფრედ დამთავრდა და ერთ ეპიზოდში მეტოქე 8 ქულითაც იგებდა, მაგრამ სკარიოლოს გუნდმა ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხა, მიუხედავად ამისა, ვირტუსი მაინც დამარცხდა 76-79.
შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 28 წუთში 17 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. ის თამაშიდან მაღალი პროცენტით ისროდა - ორქულიანი 6-დან 5, სამქულიანი კი 2-დან 1 ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან თორნიკემ 8-დან 4 ბურთი მოათავსა კალათში.
ფინალური სერია 4 მოგებამდეა, ასე რომ, ვირტუსს გამარჯვების შანსი ჯერაც შერჩნილი აქვს. სერიის მომდევნო 2 მატჩი ბოლონიაში გაიმართება - 14 და 16 ივნისს.