საქართველოს სუპერთასი ივნისისა და ივლისის მიჯნაზე ახალი ფორმატით გაიმართება
საქართველოს სუპერთასი ივნისისა და ივლისის მიჯნაზე ახალი ფორმატით გაიმართება
08.06.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ახალი ფორმატით, რომელიც თავის მხრივ, ქართული გუნდებისთვის ევროტურნირების წინა მოსამზადებელ ეტაპადაც შეიძლება ჩაითვალოს სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის 2023 წლის 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით გაიმართება. 

სფფ-ს გადაწყვეტილებით, ისტორიაში პირველად, საქართველოს სუპერთასის გათამაშებაში, ნაცვლად წინა წლის ჩემპიონისა და თასის მფლობელისა, ევროთასებზე მონაწილე ოთხი გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისი", დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი „ტორპედო" და ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონში მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები, ბათუმის „დინამო" და „დილა".


ახალი ფორმატის მიხედვით, ოთხი გუნდი თავდაპირველად ნახევარფინალებში ერთმატჩიან დაპირისპირებაში შეხვდებიან ერთმანეთს. იქ გამარჯვებულები კი, მთავარი ტროფეისთვის იბრძოლებენ. რაც შეეხება ნახევარფინალებში დამარცხებულებს, ისინი ერთმანეთს მესამე ადგილისთვის დაუპირისპირდებიან. შესაბამისად, ფედერაციაში თვლიან, რომ ასე, უეფა-ს ევროტურნირებზე მოასპარეზე ოთხივე გუნდს, მოსამზადებლად კარგი სპარინგები გამოუვა.


კიდევ ერთ დეტალი, დებულების თანახმად,  სუპერთასის შეხვედრებში მასპინძლის სტატუსით საქართველოს ჩემპიონი „დინამო თბილისი" და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი „ტორპედო" ისარგებლებენ. შესაბამისად თამაშები მასპინძელი გუნდების სტადიონებზე, თბილისსა და ქუთაისში ჩატარდება.


30 ივნისს, „დინამო თბილისი" „დილას, „ტორპედო" კი, ბათუმის „დინამოს" შეხვდება.


საქართველოს სუპერთასის ფინალური შეხვედრა და მესამე ადგილისთვის მატჩი 4 ივლისს გაიმართება. ამ ეტაპზე არ კონკრეტდება, თუ სად ჩატარდება ფინალური შეხვედრა, თუმცა დიდი ალბათობით ის, რეაბილიტირებული მესხი არენაზე გაიმართება.