1/16 ფინალში მარცხის მიუხედავად, საქართველოს მასტერ-ლიგის ნაკრებმა პროგრამა მინიმუმი შეასრულა
1/16 ფინალში მარცხის მიუხედავად, საქართველოს მასტერ-ლიგის ნაკრებმა პროგრამა მინიმუმი შეასრულა
08.06.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს მასტერ-ლიგის ნაკრები სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას 1/16 ფინალიდან გამოეთიშა. ჩვენი ნაკრები გათამაშების ამ ეტაპზე, ხორვატიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 0-1 დავმარცხდით. სხვათა შორის, ამავე ხორვატიასთან, ანალოგიური ანგარიშით წავაგეთ მიმდინარე წლის თებერვალში, ევროპის ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის მატჩი, თუმცა, მაშინ ამ შედეგის მიუხედავად, ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება გავინაღდეთ.


„მოკლედ ძალიან ორგანიზებული სიტუაციაა, კარგი გარემოა. ბევრი გულშემატკივარი მოდის, საინტერესო თამაშებია და ახალი გამოცდილებაა ჩემთვის. ჩვენი პირველი მიზანი იყო  ჯგუფიდან გასვლა და ეს, შესრულებულია. დღეს ვეთამაშებით საკმაოდ ძლიერ ხორვატიას და ყველაფერს გავაკეთებთ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. ძალიან კარგად მუშაობს ჩვენი მასტერ ლიგის ფედერაცია. დამფუძნებლებს მინდა მადლობა გადავუხადო ამ ყველაფრისთვის. კარგ საქმეს აკეთებენ ქართველი ხალხისთვის. საქართველოში, უკვე ბევრი ადამიანი დაკავდა ამ ტურნირით და ეს სასიამოვნოა. ბევრს გაუჩნდა საქმე და ინტერესი მოვიდეს კვირაში 1 თამაში ჩაატაროს მასტერ ლიგაზე და ამ „პატარა ფეხბურთით" მიიღოს დიდი სიამოვნება ეს ნამდვილად სასიამოვნოა", - ამბობს ლაშა თოთაძე, ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი სახასიათო სახე, რომლისთვისაც მასტერ ლიგა ახალი გამოწვევაა. „თოთასთან" ინტერვიუ მატჩამდე ჩავწერეთ.




შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასტერ-ლიგის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პროგრამა მინიმუმი შეასრულა. გუნდმა, რომელიც K ჯგუფში ასპარეზობდა, ჯგუფში დაუმარცხებლად იასპარეზა. ჩვენებმა, თავდაპირველად ირლანდიის ნაკრებს 5-1 სძლიეს, შემდეგ დაამარცხეს შოტლანდია 3-1 და ბოლოს, მაროკოსთან ფრედ 1-1 ითამაშეს. ჯგუფში მაროკოსთან ერთად 7-7 ქულა დააგროვეს და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.


შეგახსენებთ, 2023 წლის SOCCA WORLD CUP-ს, რომელმაც სტარტი 2 ივნისს აიღო და 11 ივნისის ჩათვლით გრძელდება, გერმანიის ქალაქი ესენი მასპინძლობს.





დავით ქარელის ფოტობი