Tbilisi Challange-ის გამარჯვებულმა “ბებერმა არწივმა” მსოფლიო ტურის საგზური და ფულადი პრიზები მიიღო
Tbilisi Challange-ის გამარჯვებულმა “ბებერმა არწივმა” მსოფლიო ტურის საგზური და ფულადი პრიზები მიიღო
07.06.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია

3×3 კალათბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრთა გამარჯვებით დასრულდა ტრადიციული ტურნირი Tbilisi Challange, რომლის ორგანიზატორიც თბილისის კალათბურთის ფედერაცია, ხოლო მხარდამჭერი, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გახლავთ. ტურნირი, რომელშიც საქართველოში არსებული უძლიერესი 3×3 კალათბურთელები შეიკრბინენ, 6 ივნისს, ლისის ტბაზე გაიმართა. გამარჯვებულმა გუნდმა - "ბებერმა არწივმა" (Old Eagle) 2000 ლართან და Nike-ის მაღაზიის სასაჩუქრე ვაუჩერებთან ერთად მთავარი პრიზი - მსოფლიო ტურზე Fribourg Challange-ზე ასპარეზობის უფლება მიიღო. ილია ლონდარიძე, ნიკა ჩეჩელაშვილი, გიორგი კორსანტია და გიორგი ვახანია შვეიცარიაში გაემგზავრებიან, სადაც  7-8 ივლისს ზემოთაღნიშნულ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.

Tbilisi Challange-ის ფორმატი ტრადიციული იყო. 12 გუნდი 4 ჯგუფში და ერთი წრის შემდეგ საუკეთესოები ნახევარფინალში გავიდნენ. ურბან ბასკეტმა, რომლის ღირსებასაც ლუკა მაზიაშვილი, ვახტანგ ქადარია, ვახტანგ გაფრინდაშვილი და აკაკი ლომოური იცავდნენ, ნახევარფინალში გუნდი ვერა (ცოტნე ცარციძე, ჯაბა ადიკაშვილი, საბა შარვაშიძე) დაძაბულ ბრძოლაში - 11-10 დაამარცხა. მეორე ნახევარფინალში მომავალმა ჩემპიონმა ბებერმა არწივმა Space Jam-ს (საბა ნერგაძე, საბა ზაქრაძე, ვაკო წულეისკირი ) 18-8 მოუგო.


ფინალური მატჩი ბებერმა არწივმა 17-13 მოიგო და საკმაოდ ძვირფასი პრიზებით დასაჩუქრდა. პრიზიორები თბილისის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრმა, ვახტანგ ნაცვლიშვილმა დააჯილდოვა.


აქვე აღვნიშნავთ, რომ ბებერი არწივის 4 კალათბურთელიდან 3 (ლონდარიძე, კორსანტია, ჩეჩელაშვილი) 3×3 კალათბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები არიან, რომლებსაც ამ ზაფხულს ევროის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში მოუწევთ ასპარეზობა.