ჯერ-ჯერობით უცნობია თუ სად ითამაშებს საქართველოს 21-წლამდეთა ნაკრები ბოლო ამხანაგურ შეხვედრას ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დაწყებამდე. სფფ-ს სანაკრებო გვერდი ინფორმაციას ოდნავ მოგვიანებით გაავრცელებს. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ რამაზ სვანაძის გუნდი 15 ივნისს, კვიპროსის 21-წლამდეთა ნაკრებს უმასპინძლებს.
რამდენიმე დღის წინ, სასტუმრო „პულმანში" ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის პრეს-კონფერენციის შემდეგ საბოლოოდ გაირკვა, რომ სვანაძის გუნდთან დაიწყებენ შეკრებას ანრი მექვაბიშვილი, საბა საზონოვი, გაბრიელ სიგუა და გიორგი წიტაიშვილი. ეროვნული ნაკრების ივნისის სანაკრებო თამაშების დასრულებისთანავე კი, 21-წლამდებს ქართული ფეხბურთის მთავარი დამრტყმელი ძალაც უნდა შეუერთდეს.
მანამდე კი, რამაზ სვანაძის გუნდი 10 ივნისიდან ეროვნულ ნაკრებში მყოფი ფეხბურთელების გარეშე დაიწყებს მზადებას თავდაპირველად, კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ. დიდი ალბათობით, სვანაძე, სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ დაასახელებს იმ 23 კაცის, რომლებსაც ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა მოუწევთ.
აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბოლო სპარინგი მარტში, თურქულ ბელექში, ლატვიის წინააღმდეგ ჩაატარა და გიორგი გულიაშვილის გოლის წყალობით, მინიმალური ანგარიშით 1-0 გაიმარჯვა.
ამ მომენტისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში არიან:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია", ესპანეთი), ლუკა კუტალაძე ("დინამო თბილისი"), ლევან თანდილაშვილი (თელავი), ნოდარ ყალიჩავა ("სამგურალი").
მცველები: ცოტნე კაპანაძე ("საბურთალო"), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი" დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი ("საბურთალო"), სანდრო კალანდაძე ("დინამო თბილისი"), მათე აბულაძე („სამტრედია"), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა ("საბურთალო"), საბა ხვადაგიანი ("დინამო თბილისი"), გიორგი მაისურაძე ("დინამო თბილისი"), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა", სერბეთი), საბა საზონოვი („დინამო" მოსკოვი, რუსეთი).
ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი ("საბურთალო"), გიზი მამაგეიშვილი ("საბურთალო"), გიორგი წიტაიშვილი (ლეხ პოზნანი, პოლონეთი), ნიკა ხორხელი ("სამგურალი"), გაბრიელ სიგუა ("დინამო თბილისი"), შოთა ნონიკაშვილი ("საბურთალო"), ნიკა გაგნიძე („დილა" გორი), გიორგი მოისწრაფიშვილი ("დინამო თბილისი"), ანზორ მექვაბიშვილი ("დინამო თბილისი"), ლუკა გაგნიძე („დინამო" მოსკოვი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო", საფრანგეთი), გიორგი ლომთაძე ("გაგრა"), ცოტნე ფაცაცია ("შუქურა" ქობულეთი), ლუკა ხორხელი ("სამგურალი"), ნოდარ ლომინაძე ("სამგურალი").
თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი („სარაევო", ბოსნია და ჰერცეგოვინა), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი", იტალია), გიორგი გაგუა („რეალ უნიონი", ესპანეთი), გიორგი მიქაუტაძე („მეცი", საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე („დინამო" ბათუმი), ლადო ჩიხრაძე ("სამგურალი").
აქვე შეგაგხსენებთ 21-წლამდეთა მატჩების განრიგს ევროპის 2023 წლის ჯგუფურ ეტაპზე, რომლებსაც რამაზ სვანაძის გუნდი თბილისში, „დინამო არენაზე" ჩაატარებს.
21 ივნისი / საქართველო - პორტუგალია / 20:00
24 ივნისი / საქართველო - ბელგია / 20:00
27 ივნისი / საქართველო - ნიდერლანდები / 20:00