თბილისის 7-კაცა ‘აკადემიამ’ მოიგო
თბილისის 7-კაცა ‘აკადემიამ’ მოიგო
05.06.2023
ავტორი: რაგბის კავშირი

თბილისის 7-კაცას გამარჯვებული 'აკადემია' გახდა, რომელმაც ორდღიანი ტურნირის ფინალში 'ტაოს' 21-12 სძლია.


7-კაცას ტურნირს „რაგბი პლატომ" უმასპინძლა და მასში 12-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც სამ ჯგუფში იყვნენ განაწილებული. პირველ დღეს ჯგუფური ეტაპის თამაშები გაიმართა და 8 მოწინავე თასის მეოთხედფინალში გავიდა, დანარჩენმა ოთხმა კი მე-9 ადგილისთვის გააგრძელა ბრძოლა.



თასის 1/4-ფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ: აკადემია (1) - ლოკომოტივი (8), ტაო (2) - წიქარა (7), არმია (3) - ლელო (6), ყოჩები (4) - იუნკერები (5). ნახევარფინალში 'აკადემიამ' 'იუნკერები' 26:14, ხოლო 'ტაომ' 'ლელო' 24-21 დაამარცხა.-

ტურნირში ყველა ადგილი გათამაშდა. მე-11 ადგილი 'გარდასახვამ' დაიკავა, რომელმაც 'არაგველებს' 20:14 მოუგო; მე-9 ადგილისთვის ''ვეფხვებმა' 'ჯანი' 26:5 დაამარცხა. 'წიქარამ' 'ლოკომოტივს' 36-12 სძლია და მე-7 ადგილზე გავიდა, ხოლო 'ყოჩებმა' მე-5 ადგილი დაიკავა - 'არმია' 26-19 დაამარცხა.



მე-3 ადგილისთვის 'ლელომ' 'იუნკერებს' 31-21 სძლია და სანახაობრივი ტურნირის გადამწყვეტი მატჩის დრო დადგა. 'აკადემიასა' და ფიჯელების 'ტაოს' დაპირისპირება დაძაბული გამოდგა. 'აკადემიამ' სამი გარდასახული ლელო გაიტანა და 21-12 გაიმარჯვა.


გუნდები საქართველოს 7-კაცას მწვრთნელმა, ვეტერანმა ბორჯღალოსანმა გია ლაბაძემ და 7-ქალას მთავარმა მწვრთნელმა ჯაბა მალაღურაძემ დააჯილდოვეს. ტურნირის საუკეთესო მოთამაშეს მიხეილ ახობაძეს (აკადემია) კუთვნილი ჯილდო ბორჯღალოსანთა საუკეთესო მექულე მერაბ კვირიკაშვილმა გადასცა, ხოლო საუკეთესო მელელოვე გიორგი ბოლქვაძე (აკადემია) ბესიკ ჩინჩალაძემ დააჯილდოვა.


17-18 ივნისს ქუთაისის 7-კაცა გაიმართება.