რეგულარულ ჩემპიონატში „ლანჩხუთი“ კომფორტულად დაწინაურდა
რეგულარულ ჩემპიონატში „ლანჩხუთი“ კომფორტულად დაწინაურდა
06.06.2023
ავტორი: სფფ / თამარ ჯიშკარიანი


ქალთა ლიგის რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე, სამ კლუბს, „ლანჩხუთს", „სამეგრელოსა" და „კვარტალს" ზედა ჯგუფში მოხვედრა თითქმის გარანტირებული აქვთ. ამ მომენტისთვის, სატურნირო ცხრილის მესამე ადგილზე მყოფი „კვარტალი", მეოთხეადგილოსან სოხუმის „დინამოს" 8, მეხუთზე ადგილზე მყოფ „ბათუმს" კი, 11 ქულით უსწრებს. შესაბამისად, ზედა ჯგუფში მოსახვედრად შანსი აქვთ „დინამოს", „ბათუმსა" და „ნორჩ დინამოს".


გათამაშების მე-10 ტური, „ნორჩი დინამოსა" და ხობის „კოლხეთის" მატჩით დასრულდა. თბილისში, სფფ-ს გლდანის საფეხბურთო ცენტრში, პრინციპული მეტოქეების დაპირისპირებაში ანგარიში, 45-ე წუთზე ნუცა გურიელიძემ გახსნა და მასპინძლები დააწინაურა. მეორე ტაიმში, „დინამოელებმა" 57-ე წუთზე კიდევ მოახერხეს ანგარიში გაეზარდათ. ნინო ჯგუშიას გოლი ამ შეხვედრაში ბოლო, თუმცა თბილისელთათვის 3 ქულის ტოლფასი გამოდგა. „ნორჩმა დინამომ", „კოლხეთს" 2-0 მოუგო და სატურნირო ცხრილში ერთი ქულით გადაასწრო.


 თბილისში, „ნიუ ვიჟენის" სტადიონზე საშინაო შეხვედრა ჩაატარა ჩხოროწყუს „სამეგრელომ", „დინამო სოხუმს" უმასპინძლა. შეხვედრა, ჩხოროწყუელთა სრული უპირატესობით წარიმართა, თუმცა, გოლამდე საქმე, 69-ე წუთამდე არ მივიდა. წვიმიან ამინდში სტუმართა მშრალად შენახულ კარში გოლი მაიკო ბებიამ გაიტანა. სოხუმელებმა ქულის გადარჩენა, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-5 წუთზე, ლელა ჭიჭინაძის ზუსტი საჯარიმო დარტყმით მოახერხეს. შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა.


ბათუმში, ანგისასზე, „ლანჩხუთმა" მნიშვნელოვანი 3 ქულის აღება მოახერხა. „ბათუმთან" დაპირისპირებაში, ანგარიში 11-მეტრიანით, 24 წუთზე, თეონა ბაქრაძემ გახსნა და სტუმრები დააწინაურა. ლანჩხუთელებმა თავი მშვიდად, მხოლოდ 85-ე წუთზე, ეთერ სულაშვილის მიერ გატანილი, კიდევ ერთი გოლის შემდეგ იგრძნეს. გურულებმა 0-2 მოიგეს და სატურნირო ცხრილში, უკვე 4 ქულით უსწრებენ, მეორეადგილოსან, თუმცა, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს.




ამ ტურში, ყველაზე უხვგოლიანი თბილისში, სფფ-ს ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრში გამართული შეხვედრა გამოდგა. „კვარტალმა" დიდი ანგარიშით, 7-0 მოუგო „მართვეს", რომელიც ამ მომენტისთვის სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე იმყოფება.  ანგარიში, პირველი ტაიმის მიწურულს გამოცდილმა ნინო პასიკაშვილმა გახსნა და მეორე ტაიმის 53-ე წუთზე დუბლიც გაიფორმა. 58-ე წუთზე, მარიამ მამფორიამ, კიდევ ერთი გოლი გაიტანა. 62-ე წუთზე კი ნათია დანელიას მიერ გატანილი გოლის შემდეგ, „კვარტალს" მშვიდად შეეძლო ბურთის გაგორება, თუმცა, აქ, ირინა ჩხიკვაძის დრო დადგა. 14 წლის ცენტრ-ფორვარდმა, რომელიც ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს აკეთებს, სადებიუტო ჩემპიონატში სადებიუტო გოლის და შემდეგ ჰეთ-თრიქის გაკეთებას ახერხებს.


ქალთა ლიგის მომდევნო მე-11 ტური 10 და 11 ივნისს გაიმართება.



სტატიაში გამოყენებულია ქსკ "კვარტალის" ფოტოები