დიდი 10 - "აკადემია" ელიტაში დარჩა
დიდი 10 - "აკადემია" ელიტაში დარჩა
28.05.2023
ავტორი: რაგბის კავშირი

დიდი 10-ის მომავალი სეზონის დასკვნითი მონაწილე „რაგბი პლატოზე" გაირკვა. ელიტაში ასვლა-დარჩენაზე 'აკადემია' საპასუხო საშინაო შეხვედრას 'არმიასთან' 5-ქულიანი ჰანდიკაპით იწყებდა. „მხატვრებს" დედაქალაქური დერბის პირველი მატჩი 17:12 ჰქონდათ მოგებული. ამის მიუხედავად, „არმიელთა" დამრიგებელმა ლევან ობოლაძემ ახალწვეული ფიჯელი და სამხრეთ აფრიკელი ლეგიონერები კიდევ უფრო შეათამაშა, „მხატვართა" მდგომარეობა კი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ბორჯღალოსანი ფულბეკის სოსო მათიაშვილის არყოლამ დაამძიმა.

შეხვედრა „არმიელთა" იერიშებით დაიწყო და ლეგიონერთა აქტიურობის შედეგად მოპოვებული ჯარიმა კაპიტანმა რამაზ ხარაზიშვილმა პირველ სამატჩო ქულებად აქცია. მე-10 წუთზე 'არმიას' ფულბეკ კინი დაგლასის ფეხით ეფექტურად დაკიდებული ოვალი თანაგუნდელებმა იგდეს ხელთ, რასაც ალამთან ფრთა ბექა მაჭარაშვილის გატანილი ლელო მოჰყვა. ხარაზიშვილის ზუსტი გარდასახვის შემდეგ 'არმია' 10-ქულიანი უპირატესობით დაწინაურდა.


'აკადემიამ' პირველად ხელი მე-20 წუთზე გამოიღო. მარბიელ ლუკა ივანიშვილის დაწყებული სწრაფი, სამსვლიანი კომბინაცია ლელოთი შუამარბმა საბა დათიაშვილმა დაასრულა. მგეზავ სანდრო მარგიანის ზუსტი გარდასახვით ანგარიშში სხვაობა 3-ქულამდე შემცირდა. 'არმია' კვლავ გააქტიურდა და 5-წუთიან მონაკვეთში რამაზ ხარაზიშვილის გატანილი წყვილი ჯარიმით ანგარიშში სასურველი, 9-ქულიანი უპირატესობა დაიბრუნა. ტაიმის მიწურულს კი 'აკადემიას' სწრაფი შეტევა მხტომელმა ვანო ბერიკაშვილმა ლელოთი დააგვირგვინა, მარგიანის ზუსტმა გარდასახვამ კი შესვენების წინ „არმიელებს" მხოლოდ 2-ქულიანი უპირატესობა დაუტოვა  16-14.


მეორე ტაიმის დებიუტში მეტოქეებმა ჯარიმები გაცვალეს. ოვალი ძელებს შუა ჯერ მარგიანმა გაატარა, რასც 4 წუთის შემდეგ ხარაზიშვილის ასევე უნაკლო დარტყმა მოჰყვა. საათის თავს „არმიელთა" მარბიელმა ტაის სქურმა მეტოქის ხაზი ეფექტურად გაჭრა და ბექა მაჭარაშვილმაც „დუბლი" გაიფორმა. ხარაზიშვილის მორიგმა ზუსტმა გარდასახვამ 'არმიას' ანგარიშში 9-ქულიანი უპირატესობა დაუბრუნა.


შეხვედრაში გარდამტეხი და როგორც შემდგომში გაირკვა გადამწყვეტი, 71-ე წუთი გამოდგა. 'აკადემიამ' ჯარიმა მეტოქის 5-მეტრიანთან აუტში გადაიტანა. დერეფნიდან კარგად ჩამოყალიბებული მოლის ჩაქცევისთვის მთავარმა არბიტრმა შოთა თევზაძემ „მხატვართა" სასარგებლოდ საჯარიმო ლელო დანიშნა და თან „არმიელთა" ბურჯი დიმა ბერიძე გაასინბინა.


„არმიელებს" 2-ქულიანი უპირატესობა ხელს არ აძლევდათ და რიცხობრივ უმცირესობაში ყოფნის მიუხედავად მასპინძლებს გააფთრებით შეუტიეს. 'აკადემიამ' თავი კარგად დაიცვა, რაშიც „მხატვრებს" ხელი მეტოქის რამდენიმე ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამაც შეუწყო. „გაწითლებულ" დროში კი „არმიელ" კინი დაგლასს ოვალი წინ დაუვარდა, რამაც მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მართალია, 'არმიამ' თამაში 26-24 მოიგო, თუმცა 2 მატჩის ჯამური შედეგით გამარჯვება 'აკადემიას' დარჩა - 41-38 და შესაბამისად, „მხატვრები" მომავალ სეზონს კვლავ დიდ 10-ში გაატარებენ, 'არმია' კი პირველ ლიგაში დარჩა.