თსუ საქართველოს სუპერლიგის ჩემპიონია!
თსუ საქართველოს სუპერლიგის ჩემპიონია!
28.05.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს სუპერლიგა თსუ-მ მოიგო. თბილისურმა გუნდმა, ფინალური სერიის გადამწყვეტ, მე-5 შეხვედრაში, რუსთავში, ქიმიკოსთა გადაძეძგილ დარბაზში, მასპინძლების დამარცხება 75-85 მოახერხა.


სტუმრებმა, რომლებმაც რამდენიმე დღით ადრე, თბილისში, ვერ მოახერხეს, მესამე გადამწყვეტი მატჩის მოგება, დღეს, აქტიურად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 3 ქულით მოიგეს, 19-22. აქ, მოვლენებს ოდნავ წინ გადავუსწრებთ და გეტყვით, რომ მატჩის დროს, ანგარიში 6-ჯერ გათანაბრდა და ლიდერი 13-ჯერ შეიცვალა. შესაბამისად, შეხვედრის დაძაბულობაზე, ეს ორი მაჩვენებელიც საკმარისია. მეორე მეოთხედი, კვლავ თსუ-მ, ამჯერად მხოლოდ 2 ქულის სხვაობით 20-22 მოიგო და დიდ შესვენებაზე 5 ქულის უპირატესობით 39-44 გავიდა.


5 ქულა სახლში, ანატოლი ბოისას გუნდისთვის, თანაც მშობლიურ კედლებში რთული აღმოსაფხვრელი არ უნდა ყოფილიყო და მართლაც, რუსთაველებმა, მესამე მეოთხედის მოგება 22-16 შეძლეს. შესაბამისად, საჩემპიონო მეოთხედამდე, მასპინძლებმა წინ ერთი ქულით გასვლა მოახერხეს. ტაბლოზე 61-60 იყო დაფიქსირებული. რა მოხდა შემდეგ? ანგარიში, შეხვედრის ამ მონაკვეთში რუსთაველებმა ოთარ ნადირაძის 2-ქულიანით გახსნეს. შემდეგ, თამაში ქულა-ქულაში წავიდა, მონაკვეთის მე-5 წუთი სრულდებოდა, როდესაც,  მალკოლმ დრამრაითმა თბილისელები ზუსტი 3 ქულიანის შემდეგ, 2 ქულით წინ გაიყვანა. ამას, თსუ-ელთა  თითქმის 2 წუთ-ნახევრიანი დომინაცია და რუსთაველთა შეცდომები მოჰყვა. სტუმრებმა კი, მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 3 წუთით ადრე 9 ქულით გაქცევა მოახერხეს. დარჩენილ დროში, „რუსთავმა", მხოლოდ 4 ქულის აღება მოახერხა, თსუ-მ 6 ქულის. თბილისელებმა მეოთხედი  14-27 და საბოლოოდ, ქვეყნის ჩემპიონის ტიტულიც მოიგეს.


რუსთაველთაგან ყველაზე შედეგიანი ლევან ბაბილოძე იყო 21 ქულით. ჩემპიონი გუნდიდან კი, საუკეთესო   ჯიმონ ჰენსონი იყო, რომელმაც ფინალური სერიის გადამწყვეტ მატჩში 31 ქულა დააგროვა და ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა.


სხვათა შორის, წლის გამოკითხვაში, რომელსაც კალათბურთის ფედერაცია ატარებს, ჰენსონი, ჩვენი გვერდის რჩეული იყო. თუმცა, გამოკითხვის შედეგად, სეზონის საუკეთესო კალათბურთელი სხვა თსუ-ელი ვეტერანი გიორგი ცინცაძე გახდა.  






კალათბურთის ფედერაციის ფოტო / ირა სომოვა